logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ძლიერი კერა რჩება წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე
- +

23 აგვისტო. 2017. 14:18



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით არის შემცირებული, თუმცა, რჩება ძლიერი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე. მისი თქმით, მთელი ავიაციის რესურსი სწორედ ამ კერაზეა მობილიზებული.


„ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა იმუშავეს. დილის 05:00 საათისთვის მოხდა ცეცხლის მთლიანად ლოკალიზება. მეხანძრე მაშველების დახმარებით მათ საბოლოოდ ჩააქრეს ხანძარი. რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით არის შემცირებული. რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებულად კი წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. ამ წუთას მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ხდება ზუსტად ამ კერაზე, რათა საღამოსთვის ცეცხლი შევამციროთ მაქსიმალურად. ქარია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძალიან ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ ეს კერაც დავძლიოთ", - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია სტიქიასთან მებრძოლების წვლილი.


„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტიქიასთან ბრძოლაში რამდენიმე დღის მანძილზე 24-საათიან რეჟიმში იშრომეს ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შსს-საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ასევე უნდა ითქვას, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს სტიქიასთან ბრძოლაში. ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს მნიშვნელოვანი დახმარება, განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელარუსი, სომხეთი. ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება სხვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისგან",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი