logo_geo
ირაკლი კობახიძე ვიზა-ლიბერალიზაციაზე: ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურება
- +

2 თებერვალი. 2017. 15:57


 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს.


„დღეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით, მივიღეთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა ევროპული პარლამენტისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურება, დამსახურება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპულ პარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც განსაკუთრებული, პერსონალური წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში, მთავრობის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ნატალია საბანაძეს. არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, ამ მიზნების განხორციელებაში და თითოეულ მათგანს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

 

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია მიანიჭა.  ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.


საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ევროპარლამენტში 553 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი 66 დეპუტატი გახლდათ.





 

big_banner
არქივი