logo_geo
მამუკა მდინარაძე: წარსულს ჩაბარდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ვიღაცეები ზეწოლას ახორციელებდნენ!
- +

3 თებერვალი. 2017. 13:25


 

„ბოლო დროს, „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები კლოუნადას დაემსგავსა და ძალიან სამწუხაროა, რომ მათი მხარდამჭერი ტელევიზიაც, რაღაცნაირად, ჩართულია ამ კამპანიაში", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.


დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციას, რომელთა მტკიცებით, „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა.


„ასეთი მოცემულობაა - ერთი მხრივ, ქვეყნდება რაღაც ჩანაწერები (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მათი ავთენტურობა უნდა დადგინდეს და თუ ეს მართალია, უმკაცრესი საზოგადოებრივი და სამართლებრივი რეაქცია უნდა მოჰყვეს), ამის გამოქვეყნების შემდეგ კი, ჩვენ ვიგებთ, რომ დაწყებულია გამოძიება და მოსამართლეებს მიუმართავთ. შემდეგ გამოდის „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და ამბობს, რომ ამ საქმესთან არის დაკავშირებული და საინტერესოა, რა იცის მან, საიდან იცის ეს ინფორმაცია. ეს არის მოცემულობა, სადაც ვხედავთ მათ ინტერესს, რამენაირად საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რამენაირად ამას რაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური დატვირთვა მისცენ. სინამდვილეში, მართლაც წარსულს ჩაბარდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ვიღაცეები ზეწოლას ახორციელებდნენ. ეს მათი სტილია, ნამდვილად ვხდავთ, რომ ისინი ვეღარ გამოდიან ამ სტილიდან და ამ სტილში ცდილობენ გააგრძელონ როგორც სასამართლოზე ზეწოლა, ასევე ინფორმაციული ზეწოლა, რომლითაც საზოგადოებას ასაზრდოებენ და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი