logo_geo
პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა
- +

3 მაისი. 2019. 13:37

 

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა,  მომხრე იყო 18 პარლამენტარი.

 

სხდომაზე დეპუტატებს შორის ცხარე გამოიწვია კანონიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების საკითხმა. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ითხოვდნენ, კენჭისყრა პირველი მოსმენით ჩატარებულიყო და ტერმინებთან დაკავშირებით მეორე მოსმენაზე ემსჯელათ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ამ საკითხზე ჯერ საერთო პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.

 

კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

 

კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

 

კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

 

„ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.

 

big_banner
არქივი