logo_geo
ზურაბ აბაშიძე: 2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა...
- +

21 თებერვალი. 2017. 12:39



„საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ 2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა, არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო არაფერი, რათა ეს უდიდესი კატასტროფა მომხდარიყო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.


აბაშიძე გამოეხმაურა კრიტიკას იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ დააგვიანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე პასუხის გაცემა და მას რუსეთთან დამთმობი პოლიტიკა აქვს.


„2008 წლის თემას რაც შეეხება, საყოველთაოდ ცნობილია, რომ არის რადიკალური განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ეს ომი. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ არ დააკლო თავისი პოლიტიკით არაფერი იმისთვის, რათა მომხდარიყო ეს ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში. ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი მეტი არაფერი დარჩა. შემიძლია ჩამოგითვალოთ, რა დავთმეთ: 20% ჩვენი ტერიტორიისა გადაიფორმა რუსეთმა; დავთმეთ ის ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენ ვაკონტროლებდით; რუსულ კომპანიებს მიეყიდა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში; ჩვენი წიაღისეული: მადნეული, კვარციტი, თბილისის წყალი... დიდი ძალისხმევით საქართველოდან გაყვანილი რუსული ბაზები 2008 წლის შემდეგ კვლავ შემობრუნდა საქართველოში; საერთაშორისო ორგანოზაციები, რომლებიც მუშაობდნენ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის შემდეგ იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ ეს რეგიონები. არაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ იყო უამრავი მსხვერპლი, უამრავი ლტოლვილი. ეს ყველაფერი ხდებოდა პატარა მუშტების ქნევითა და ხმამაღალი განცხადებების ფონზე. რეალურად მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა - ქვეყანა ფაქტობრივად დაიშალა. ეს არის შედეგი 2008 წლის ომისა და ეს ხშირ-ხშირად უნდა გავიმეოროთ იმისათვის, რათა აღარ ვახსენოთ ისეთი სიტყვები, როგორიცააა მაამებლობა, დათმობა და ა.შ. ამის შემდეგ რაღა დარჩა დასათმობი?"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


ამასთან, აბაშიძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების ამ გაუაზრებელი პოლიტიკისთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია.




 

big_banner
არქივი