logo_geo
მარკეტა გრეგოროვა: მგონია, რომ რუსეთი საქართველოში ცდილობს, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია
- +

10 თებერვალი. 2020. 13:52

 

 

„მგონია, რომ რუსეთი საქართველოში ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისგან იმ აგრესიის შესაჩერებლად, რომელიც მოიცავს ე.წ. ბორდერიზაციასა და ადამიანების დაკავებას, ამჟამად ერთადერთი და საუკეთესო პასუხი NATO-ში გაწევრიანებაა.

 

„როდესაც საქართველო თითქმის NATO-ში შესვლის ზღვარზე იმყოფებოდა, რუსეთმა რა გააკეთა? საზღვრების ოკუპაცია დაიწყო. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ეს დაეხმარებოდა სიტუაციას. მგონია, რომ რუსეთი ასე ვთქვათ, ცდილობს, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია და თუ მათ პირდაპირი მნიშვნელობით არანაირ საზღვრებს არ დავანახებთ, საზღვრებს პატივს არ სცემენ და ისინი არც კი ექნებათ. რუსეთმა ამის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან იცის, რომ NATO-ს არ შეუძლია, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით წინ წავიდეს, ან შეუძლია, თუმცა ამაზე ძალიან იყოყმანებს, რადგან NATO-ს არ სურს, კონფლიქტი უფრო შორს წავიდეს ან ესკალაციის გამოწვევას შეუწყოს ხელი. ასეა თუ ისე, ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ NATO თავის მხარდაჭერას გამოხატავს, ეს ვითარებას ხელს შეუწყობს, პირიქით, სიტუაციის დეესკალაციას მოახდენს და ასევე ვფიქრობ, რომ NATO ასეთი შეშინებული არ უნდა იყოს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

 

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ევროკავშირი და NATO გარკვეული მიზეზების გამო მეტისმეტად რბილია რუსეთთან მიმართებაში, უპასუხა, რომ ეს მწვავე სიტყვებია.

 

„მესმის, რომ ამ ყველაფერში დიპლომატიაა ჩართული და მესმის ის მსოფლიო წესრიგიც, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ. ვიცი, რომ არ შეიძლება, ასეთი მწვავე განცხადებები გავაკეთოთ, რადგან ეს მსოფლიო წესრიგი საკმაოდ მყიფეა, ასე რომ, მესმის, რას აკეთებს NATO და ევროკავშირი და რატომ აკეთებს ამას ისე, როგორც აკეთებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად მათ მეტი ბიძგი უნდა განახორციელონ და განსაკუთრებით, მეტად უნდა დაიცვან თავიანთი პოზიციები. NATO უდიდესი სამხედრო ძალაა მსოფლიოში, ევროკავშირი კი უდიდესი ეკონომიკური ბლოკი - იცით, ეს რაღაცას ნიშნავს და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, არ ვიყოთ ასეთი შეშინებულები, რომ ამ პოზიციას დავკარგავთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი