logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
- +

11 თებერვალი. 2020. 11:08

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 თებერვალს ალიანსის შტაბბინა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს.

 

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს, მირჩა ჯოანს შეხვდება. განხილვის მთავარი თემები იქნება NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი.

 

თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, სადაც მისიაში მონაწილე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიაში მონაწილეობის დეტალებზე იმსჯელებენ.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვის, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.

big_banner
არქივი