logo_geo
ეკა ბესელია: ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან სხიფათოა
- +

22 მარტი. 2017. 23:08



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დღეს უპატივცემულო და ულოგიკო განცხადებები გაკეთდა.


,,ეს არ იყო მხოლოდ ვეტოს დაძლევის პროცესი. საკმაოდ ღრმა პრობლემები წარმოაჩინა ამ დღემ. განსაკუთრებით შემაშფოთა იმ დამოკიდებულებამ საქართველოს პარლამენტის მიმართ, რომელიც გამოიხატა ძალიან უპატივცემლო დამოკიდებულებაში არა მარტო ვერბალურად გამოხატული ფორმით და ემოციური დამოკიდებულებით, არამედ იმ ლოგიკით და ჩანაწერებით, რომელიც იკითხებოდა პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ შენიშვნებში. ჩვენ ვხედავთ სრულიად უპატივცემულო და საოცრად ულოგიკო განცხადებებს პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან, რაც არის სრულიად მიუღებელი პარლამენტის თავმჯდომარის და დეპუტატების მიმართ. ძალიან სახიფათო და გაუგებარი იყო ის ლოგიკა, რომელიც პრეზიდენტის შენიშვნებში იკითხებოდა. პრეზიდენტი პირდაპირ გვავალებს, რა ჩავწეროთ კანონში, რაც ამ დროს არის საპარლამენტო საქმიანობა. ვფიქრობ, ეს არის სრულიად გაუმართლებელი ჩარევა. ამ ფორმით ფორმულირებების ჩამოყალიბება საფრთხეს უქმნის იმ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც არის ქვეყნის უსაფრთხოება.

 

მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ შენიშვნებში, ყველა წინადადების ქვეშ პირდაპირ იკითხებოდა უნდობლობა პარლამენტისადმი, საპარლამენტო უმრავლესობისადმი, იმ კომისიისადმი, რომელშიც პარლამენტი მონაწილეობს. ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტისა და მათი წარმომდგენლების მხრიდან არის სხიფათო. არ ვიცი ვინ დაწერა ეს ტექსტი. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტს ის ნამდვილად წაკითხული აქვს. გაუგებარია რას ნიშნავს ასეთი ფორმულირება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნების დამოუკიდებლად, კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ამიტომ არ ვენდობი ამ კომისიას. ეს ის კომისია არის, რომელიც ირჩევს უწყების ახალ უფროს და ამ კომისიაში არის ხელისუფლების სამივე შტო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


პარლამენტმა დღეს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.


 

big_banner
არქივი