logo_geo
ლევან გოგიჩაიშვილი „ნაციონალებზე“: არაფერი იცვლება ამ ადამიანებში!
- +

23 მარტი. 2017. 03:08



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოსვლებს გამოეხმაურა.


„დღევანდელმა გამოსვლებმაც ნათლად დაგვანახა, რომ არაფერი იცვლება ამ ადამიანებში. ორ პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ - ერთი არის „რუსთავი 2"-ის იმიტირებული სამყარო, სადაც ჩარჩენილია „ნაციონალური მოძრაობა" თავისი განაყოფებით და არის რეალური სამყარო, რომელსაც ჰქვია საქართველო და სადაც ვცხოვრობთ ჩვენ. ყველა გამოსვლაში ეს ადამიანები აფიქსირებენ უპრეცედენტო სიძულვილს საქართველოს მიმართ. დღეს ადამიანები გამოდიან და გვესაუბრებიან ჩადებებზე, ძალადობაზე, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდნენ. დღეს ახალი გეგმა აქვთ, როგორც ჩანს - არ დააკლეს ბათუმში პროვოკაციები, ახლა ახალი კამპანია დაიწყეს - კამპანია შს სამინისტროს, სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა ბათუმში. როგორც ჩანს, ეს არის კარგად დაგეგმილი კამპანია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, ყოფითი პრობლემიდან სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის სავარაუდო წაქეზებით როგორ გადაიზარდა ეს მასობრივ არეულობაში. ეს იყო ვანდალური აქტი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები სოლიდარობის აქციებით გამოეხმაურნენ. ეს იყო სამარცხვინო მოქმედება. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აქცია უნახავს, მაგრამ ცეცხლის გაჩენა შუა ქალაქში ამ ქვეყანას არ უნახავს და ეს განხორციელდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ვანდალურად მართავდნენ. ახლა ცდილობენ, სხვა პოზიციებიდან პროვოკაციების და სხვადასხვა მეთოდების საშუალებებით დესტაბილიზაციის ინსცენირებები მოახდინონ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირება იყო ადეკვატური და პროპორციული, რის გამოც გოგიჩაიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა.


„ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, ჩვენი მემკვიდრეობა, რასაც ვტოვებთ ჩვენ ამ ქვეყანაში - ყველა სტრუქტურა, ყველა ინსტიტუტი არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


 

big_banner
არქივი