logo_geo
გიორგი ვოლსკი: უამრავი გამოწვევა არსებობს, რომელზეც შეიძლებოდა, პრეზიდენტს ესაუბრა
- +

7 აპრილი. 2017. 15:07



საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ  განაცხადა, რომ ის შეფასებები, რაც პრეზიდენტისგან მოისმინა, იყო არაადეკვატური. ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოზიციონერობა პრეზიდენტს ხელს უშლის ფაქტების ობიექტურად შეფასებებში.


„ვფიქრობ, იმ ზოგად პრობლემებზე აქცენტის გაკეთება, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მართებული იქნებოდა. ამავე დროს, უამრავი შეფასება არ იყო ადეკვატური. საკონსტიტუციო ცვლილებების თემასთან დაკავშირებით არავითარი პიროვნული შეხედულება არ არსებობს. პრეზიდენტმა ხალხის სახელით ისაუბრა რატომღაც, მაგრამ არ განიხილა ის საკითხები,  რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებებს უნდა ახასიათებდეს.

 

ის მოსაზრება, რომ ხალხს არ უნდა წავართვათ პრეზიდენტის საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, არაა წართმევასთან დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია ქვეყნის სტაბილურობის გარანტიების შექმნასთან. ჩვენ გვჭირდება სტაბილური მთავრობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც თავის საკონსტიტუციო მოვალეობებს შეასრულებს.

 

ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა და პრეტენზიის გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ მას რატომ არ უნდა წაეყვანა ეს პროცესი, არასწორია, რადგან ეს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციაა და სწორედ იგი მსჯელობს გაფართოებულ კომისიაში არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კონსტიტუცია განსაზღვრავს ყველანაირ ურთიერთობას. არ შეიძლება, რომელიმე გუნდმა ეს მიიწეროს სათავისოდ და წარმოაჩინოს, როგორც საზოგადოების შეხედულება. მაშინ, როცა საკონსტიტუციო კომისიას საკმაოდ ფართო ვალდებულებები აქვს, რომ საზოგადოებასთან ჰქონდეს კონსულტაციები.

 

უამრავი გამოწვევა არსებობს, რომელზეც შეიძლებოდა, პრეზიდენტს ესაუბრა. მან მოახდინა თავისი პოლიტიკური პოზიციონირება. ეს ხედვა ჩამოაყალიბა ისე, როგორც არ უნდა აყალიბებდეს ინსტიტუტის ხელმძღვანელი.  სადღაც არსებობს პოლიტიკური ამბიცია, რომელიც მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს აქვს. ეს პოზიციები უფრო ადეკვატურია მაშინ,  როცა ამას ხშირად უსაფუძვლოდ აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა".

 

მე დღეს ტრიბუნაზე გამაანალიზებელი ფიგურა ვერ დავინახე. პრეზიდენტის  პოლიტიკური პოზიციონირება ხელს უშლის მას, გამოვიდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ლიდერობის ამბიციიდან.

 

რაც შეეხება მოსმენების შესახებ კანონს, ქვეყნის პირველმა პირმა უნდა იცოდეს, რომ არ უნდა შეიყვანოს მან საზოგადოება შეცდომაში. ეს არაა მოსმენების თემა, ესაა ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკითხი, რომელიც ფართო სპექტრს მოიცავს. ბრალდება, რაც გაისმა, თითქოს ვიღაც კომუნისტური გადმონაშთებით მსჯელობს, რომ სახელმწიფო ინტერესები და ადამიანის უფლებები ერთმანეთს დააცილოს, ეს არაობიექტური მსჯელობაა.

 

დებატებში აქცენტს პრეზიდენტზე არ გავაკეთებ. საზოგადოებას უნდა გავუზიაროთ ის სირთულეები, რაც ქვეყანაშია და შევაფასოთ მთვარობის მოქმედებების ადეკვატურობა. რაც ვერ დავინახეთ პრეზიდენტის გამოსვლაში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 


 

big_banner
არქივი