logo_geo
რატი იონათამიშვილი: როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვთა უფლებებზე, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე
- +

1 ივნისი. 2022. 21:10

 

 

“როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვთა უფლებებზე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე და იმ მრავალფეროვნებაზე, რომელიც, პირველ რიგში, არსებობს ბავშვებში საჭიროებებიდან გამომდინარე და ეს ძალიან სწორია, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, ჯვარედინი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ დგანან,”- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში გამართულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებია.

 

„ჩვენი გუნდის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არაერთი ქვეყნისთვის არის სახელმძღვანელო ქრესტომათიული დოკუმენტი. ამ კოდექსთან ერთად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი, ასევე უმნიშვნელოვანესი იყო თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, რომლის მე-7 მუხლი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებებს და იმ ვალდებულებებს, რომელსაც სახელმწიფო იღებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა წინაშე“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

მისივე თქმით, ასევე შემოტანილი იქნა ახალი ადვოკატირების მექანიზმი - სპეციალური მოსარჩელის სტატუსი და დღეს უფლებადამცველები უკვე საკმაოდ აქტიურად და ეფექტურად იყენებენ ამ მექანიზმს.

 

რატი იონათამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამების მიმართულებით.

 

მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური უფლება - უწყვეტი განათლების უფლებაა და 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

 

 

big_banner
არქივი