logo_geo
პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს
- +

9 ივნისი. 2022. 21:02

 

 

„მინისტრის საათის“ ფორმატში, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტს მნიშვნელოვანი რეფორმების და მიმდინარე პროექტების, ასევე, სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„დღეს, მსოფლიოში და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში, უსაფრთხოების მიმართულებით ურთულესი გამოწვევებია. რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უდიდესი გამოწვევაა გლობალური წესრიგისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. აღნიშნული ომი რუსეთის რევიზიონისტული ქმედებების გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლიც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ გამხდარა. დღესაც, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულია რუსეთის მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზები. პარალელურად, საქართველო წლების განმავლობაში, მუდმივად განიცდის ზეწოლას ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით. მათ შორის, მცოცავ ოკუპაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძის შეფასებით, განსაკუთრებით დიდია გამოწვევები ევროპის იმ სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი და მათ შორის არის საქართველოც.

 

„აღნიშნული გამოწვევები მოითხოვს პრაგმატულ, მაგრამ ამასთანავე, პრინციპული პოლიტიკის გატარებას, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას და საზოგადოების ურყევი ღირებულებითი არჩევანის - ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის რეალიზაციას“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

მისივე განცხადებით, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება საქართველოს კეთილდღეობისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. უსაფრთხოების სისტემაში კი, განსაკუთრებულია თავდაცვითი ძალების როლი.

 

ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ასამაღლებლად მიზანმიმართული და ქმედითი ნაბიჯები იდგმება.

 

მინისტრის შეფასებით, თავდაცვის ძალების გაძლიერების და მისთვის დასახული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შესაბამისი, თანამედროვე შეიარაღების არსებობა, რისთვისაც პარტნიორ სახელმწიფოებთან მუშაობა მიმდინარეობს.

 

„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობით მოვითხოვეთ „ჯაველინების“ მეორე პარტიის შესყიდვაც, რაც გასულ წელს დაკმაყოფილდა. ასევე გაგზავნილია მოთხოვნა „ჯაველინების“ სისტემის მესამე პარტიის შესყიდვაზეც. გარდა აღნიშნული სისტემისა, მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო, ერთჯერადი და მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნების შეძენაზე. შერჩეულია კონკრეტული მწარმოებლები და ახლო მომავალში იგეგმება მისი შესყიდვა. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები. მათ შორის, მოიერიშე, ტაქტიკური სადაზვერვო აპარატები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით, იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება მოხდეს.

 

„ამ ეტაპზე, შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს.

 

აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასევე, საწარმოს ბაზაზე შეიქმნება შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, რომელიც მომსახურებას გაუწევს თავდაცვის ძალებს.

 

გეგმის მიხედვით, კომპანია შპს „დელტა-ვებე“ წლის ბოლომდე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს, ამასთან, ადგილობრივი წარმოების გარდა, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვაც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

მან სხვადასხვა ელექტრონული და სარადარო ხელსაწყოების შეძენასთან დაკავშირებით ისაუბრა და ავიაციის მოდერნიზაცია-გაძლიერების მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია M-4 ტიპის შაშხანებით თავდაცვის ძალების სრულად უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით შესყიდვა 2020 წელს განვახორციელეთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ დავიწყეთ ნატო-ს სტანდარტის ავტომატური G-4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესი. ამ ეტაპზე საწარმო მუშაობს სატესტო რეჟიმში და მიმდინარეობს 5 დამზადებული ერთეულის სხვადასხვა მეთოდით ტესტირება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

თავდაცვის მინისტრმა ინსტიტუციურ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მხარდაჭერით, თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, მათ შორის, სავალდებულო სამსახურის განახლების და სარეზერვო სამსახურის მიმართულებებით.

 

​ჯუანშერ ბურჭულაძემ ინფრასტრუქტურის მიმართულებებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ჯარისკაცებს დღეისთვის მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა გააჩნიათ.

 

„გარემონტებულია ყველა მოქმედი ყაზარმა, სასადილო და სპორტული მოედნები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. ვგეგმავთ ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა სპეციალური ოპერაციების ძალების ინფრასტრუქტურა, კადეტთა ლიცეუმის აშენება აღმოსავლეთ საქართველოში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს და დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

თავდაცვის მინისტრმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

 

​მისი თქმით, ნატოსთან თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება.

 

„საქართველო და პირადად მე, როგორც მინისტრი, ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და მონაწილეობა მივიღე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე. შესაბამისად, უკრაინისთვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არ მონაწილეობის შეფუთვა, თითქოს, საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

​სოციალურ პროექტებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედროების ბინით უზრუნველსაყოფად უკვე 39 ერთეული კორპუსია აშენებული.

 

„წარმატებით მიმდინარეობს მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული, სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი. დღევანდელი მდგომარეობით, აშენებულია 7-სართულიანი 39 კორპუსი, რომელშიც 1000-ზე მეტი ბინაა განთავსებული. ამ ეტაპზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების გარე პერიმეტრის მოპირკეთება. პროექტში სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 ამერიკული დოლარის გადახდა უწევთ. გადახდას არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ახორციელებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

​გამოსვლის დასასრულს, მინისტრმა,საპარლამენტო და სამთავრობო გუნდს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

big_banner
არქივი