logo_geo
კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“: ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები და რაზე არიან წამსვლელები. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რას კადრულობდნენ? ანადგურებდნენ ოჯახებს, ადამიანებს ანადგურებდნენ
- +

24 სექტემბერი. 2023. 21:22

"მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ და, ცხადია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მოახდინონ ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება, სისხლის ღვრა," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

 

დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით , მოვლენები 2014 წლის მაიდნის სცენარით უნდა განვითარდეს. გეგმის ავტორები საპროტესტო აქციებისას იარაღის გამოყენებასაც განიხილავენ. ამისთვის ამზადებენ ცალკეულ ჯგუფებს და ახალგაზრდებს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მიმდებარედ წვრთნიან. გეგმის განხორციელება საკუთარ თავზე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ - გია ლორთქიფანიძემ და საააკშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ბატურინმა აიღეს.

 

 

„ვინ იყო ბატურინი, რომელიც ორ თანმხლებ პირთან შემოიპარა ზღვით და შესაბამისად სამსახურმა დააკავა? ვინ იყო ის 7 შეიარაღებული უკრაინელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს? ისაუბრონ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერზე - ვისი მოთხოვნით მოხდა მათი შეწყალება და გათავისუფლება? ეს არ არის უბრალოდ საქართველოში ან რადიკალურ ოპოზიციაში დაგეგმილი. ეს იმართება და მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები და მცდელობა აქვთ საქართველოს ხელისუფლება ჩამოაგდონ, იმიტომ რომ არ არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მისაღები მათთვის.

 

 

ჩვენ მოვისმინეთ არაერთი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ არის საუბარი სისხლის ღვრაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე, ქართველების გინებაზე და ა.შ. ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები და რაზე არიან წამსვლელები. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რას კადრულობდნენ? რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? ანადგურებდნენ ოჯახებს, ადამიანებს ანადგურებდნენ - ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად. რამეს ხომ არ ვიგონებთ? ხომ გვახსოვს მაშინდელი კასრებში გადამალული კადრები, რომლებიც მთელმა საზოგადოებამ ნახა. შეიძლება ახალგაზრდობას არ ახსოვს, მაშინ პატარები იყვნენ, მაგრამ მათაც უნდა ვუთხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები“, - აცხადებს კალაძე.

 

 

სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

big_banner
არქივი