logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: იმის გარდა, რომ ობიექტურადაც გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირისთვისაც საჭიროა ეს, რადგან მსოფლიო დღის წესრიგი თავდაყირა დადგა
- +

10 ოქტომბერი. 2023. 10:45

 

 

„ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები მხარს გვიჭერენ კანდიდატის სტატუსის მიღებაში და ქართული რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელს გვიშლიან“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით,  კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული დეპოლარიზაციის პროცესი.

 

„პრემიერის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა, მათ შორის, მისმა გამოსვლებმა; ასევე, ევროპის ლიდერების მესიჯებმა იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოს ექნება მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების დროს, გააღიზიანა რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები. სწორედ ამის გამოვლინება იყო სერგი კაპანაძისა და მასთან ასოცირებული ათობით ენჯეოს პირდაპირი გალაშქრება. ამ ღია წერილით მათ პირდაპირ ჰკითხეს ევროკავშირს, რას შვებით, მართლა ხომ არ აძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსსო?

 

იმის გარდა, რომ ობიექტურადაც გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირისთვისაც საჭიროა ეს, რადგან ვხედავთ, რომ მსოფლიოში თავდაყირა დადგა დღის წესრიგი და ის ადგილი,  სადაც დემოკრატია, სიმშვიდე და უსაფრთხოებაა, ბუნებრივად ხდება მიზიდულობის ცენტრი. მათ შორის, საქართველოა სამხრეთ კავკასიაში და ზოგადად - რეგიონში. თუმცა, რადგან რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია ის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, როგორც კი გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ქვეყანას მიენიჭება სტატუსი, ღია წერილი აფრინეს, არ მისცეთო. წარმოიდგინეთ, ვინც ჩამოდიან საქართველოში, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები, მხარს გვიჭერენ კანდიდატის სტატუსის მიღებაში და ქართული რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელს გვიშლიან, რადგან ისეთ პირობებს აყენებენ, რომ ქვეყანა მათი შესრულების თუ შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

 

პრემიერმა არაერთხელ გააჟღერა და ჩვენც, „ხალხის ძალაც“ ამას ვამბობთ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოში პოლარიზაციას თუ არ დაასრულებს, მინიმუმამდე მაინც დაიყვანს. როცა დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, მიხედეთ დეპოლარიზაციის საკითხსო, კი ბატონო, მაგრამ ეს ცალმხრივად არ გამოდის. სწორედ მათ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული დეპოლარიზაციის პროცესი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი