logo_geo
გიორგი ვოლსკი: თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა
- +

10 ოქტომბერი. 2023. 11:35

 

 

„თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ვენეციის კომისიის დასკვნას სასამართლო რეფორმაზე.

 

ვოლსკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების მსგავსი მექანიზმი „გადაწყვეტილებების ვერმიღების ფორმულაა“, თუმცა, ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა შედგება და საერთო პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება.

 

„უახლოეს პერიოდში შეიძლება განცხადება გაკეთდეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობს. რაიმე ფაქტი, რომ სასამართლოში არსებობს პოლიტიკური მიკერძოება, ან არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია ან პროფესიონალიზმი, ასეთი მოსაზრება არსად წერია, არავის უთქვამს. კიდევ უფრო მეტიც, საქართველოს სასამართლო, მართლმსაჯულება რეიტინგებში არის მოწინავე პოზიციებზე, ყოველთვის იყო მსოფლიოშიც, ევროპაშიც და ნატოს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ. შენიშვნები ჯერჯერობით გუნდში არ განხილულა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რეფორმაა განხორციელებული, კიდევ ინიცირებულია არაერთი, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რას გულისხმობს ვენეციის კომისია, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ თუკი ეს იმას გულისხმობს ისევ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს გადაწყვეტილებების მიღების ის მექანიზმი, ფორმულა, როცა ნაწილი 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილიც 2/3- ით და ესენი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, (ორმაგი 2/3 - ით ხდება გადაწყვეტილების მიღება), მე პირადად ჩემი მხრიდან ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულა, თუ ამაზეა საუბარი. მე ჩემ პოზიციას ვამბობ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩიხში შემყვანი ფორმულა, მაგრამ ამ თემაზე იქნება მსჯელობა და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ.

 

მე მიმაჩნია, რომ ეს ფორმულა არ იმუშავებს, ჩვენ გვინდა ქმედითი სასამართლო და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი