logo_geo
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლებს პროევროპელობა ჰგონიათ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, პოლიციელებზე თავდასხმა და არ გაგიკვირდეთ, რომ უწყინარ ცვლილებას ანტიევროპული დაარქვან
- +

19 ოქტომბერი. 2023. 17:43

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცალკეულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას მოაწყვეს ისტერიკა და საზოგადოებას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს დგინდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

 

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ საკითხზე, რომელიც საერთოდ არც განიხილებოდა და ეს ყველაფერი ჭიქაში ქარიშხალს ჰგავდა.

 

ისეთი ისტერიკა მოაწყვეს აქ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებმა, რომ შეიძლება, გარე დამკვირვებელს დარჩეს აღქმა, რომ მართლაც რაღაც კატასტროფა ხდება, რაღაცას ვაფუჭებთ და ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ვაკეთებთ. მომხსენებელი ამბობდა, რომ სიძულვილის ენის დეფინიცია არ შემოდის და სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ ეს არ შემოდის. ამბობდნენ, თქვენ გინდათ დაადგინოთ ცენზურა, მედიას შეუზღუდოთ თავისუფლება – აქედან პასუხი იყო, რომ არ შემოდის ეს ცვლილება. ანუ, გვიწევდა იმაზე მტკიცება, რასაც არ ვიხილავდით. ასეთ აბსურდამდე დაიყვანეს კანონმდებლებმა, ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებმა საკითხი. დავობენ იმაზე, რასაც არ იხილავს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს. ეს ხალხი დღეს გვეუბნებოდა, თითქოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დგინდება. არ შემოდის სიძულვილის ენა. ამ ადამიანებს დღეს თემა არ აქვთ, არ აქვთ სამსჯელო, ობიექტურად სადებატო საკითხი. ამიტომ ცალკეულმა ოპოზიციურმა ჯუფებმა მოაწყეს ისტერიკა, რომ როგორღაც თვითაქტუალობა განეხორციელებინათ თავიანთი ცალკეული ამომრჩევლის წინაშე, ოღონდ, ისინიც შეცდომაში შეჰყავთ. ძვირფასო მოქალაქეებო, თუ თქვენ მხარს უჭერთ აქ გამოსულ ჯგუფებს, მათ დღე შეგიყვანეს შეცდომაში. მათ ისაუბრეს იმ საკითხზე, რაც არ განიხილებოდა დღეს პლენარულ სხდომაზე. ამით მოაწყვეს ისტერიკა და თვითპოპულარიზაციის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ცალკეულმა ოპოზიციონერმა შეურაცხყოფაც მიაყენა მედიას. თქვენ ვერ გაიგეთ, ვერავინ გაიგო, რა ხდება და მხოლოდ ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გაიგეს. ამიტომ ეს ჭიქაში ქარიშხალი იყო თვითაქტუალიზაცია.  როდესაც სასაუბრო თემას კარგავს კონკრეტული ოპოზიციური ჯფუფი, რაღაც უნდა გააკეთოს ან შეურაცხყოფა მიაყენოს ვიღაცას, ან რაღაც უხამსი საქციელი უნდა ჩაიდინოს, ამით უნდა მოექცეს როგორღაც კამერის ობიექტივში. ამისი ნათელი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ დღეს. სიძულვილის ენა არ თავსდება გამოხატვის უფლებაში. სიძულვილის ენა არ არის დაცული არც საქართველოს კონსტიტუციით და არც სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებით. თუ თქვენ ცდილობთ, მოატყუოთ თქვენი ამომრჩეველი, მე მათ მოვუწოდებ, რომ გაეცნონ ჩანაწერებს და მარტივად მიხვდებიან, რომ სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული.

 

პროევროპელობაზე რომ დებთ თავს და მიგაჩნიათ, რომ რაღაც იზღუდება, დაასახელეთ ერთი კონკრეტული საქმე სტრასბურგის სასამართლოსგან, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ ჩვენ რაღაცას ვზღუდავთ, დაასახელეთ ნორმა, რა იზღუდება. დაასახელეთ სტრასბურგის გადაწყვეტილების კონკრეტული საქმე, რასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამ ხალხს პროევროპელობა ჰგონია პორნოგრაფიის ლეგალიზება, ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, იერიში, პოლიციელებზე თავდასხმა, ცეცხლის წაკიდება და ნუ გაგიკვირდებათ, რომ უწყინარ ცვლილებას, რომელიც საკითხს არეგულირებს, ანტიევროპული დაარქვან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი