logo_geo
საზონოვის „ტორინომ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა
- +

7 იანვარი. 2024. 20:26

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალი წლის პირველ მატჩში ტურინში საბა საზონოვის „ტორინოს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.

 

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში მოედანზე საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე ვიხილეთ – „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია იყო, ხოლო საბა საზონოვი მასპინძელთა რიგებში 76-ე წუთზე გამოჩნდა.

 

შეხვედრა „ტორინოს“ უპირატესობით დაიწყო, პირველი რეალური საგოლე მომენტიც 22-ე წუთზე მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ნიკოლა ვლასიჩმა ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა. სამ წუთში შანსი „ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ჯაკომო რასპადორიმაც გაანიავა.

 

მთლიანობაში „ნაპოლიმ“ სეზონის ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა, სახიფათო მომენტების შექმნით ვერც ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩეოდა.

 

43-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანტონიო სანაბრიამ ანგარიში გახსნა და „ტორინომ“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

 

მეორე ტაიმი „ნაპოლისთვის“ ცუდი სცენარით დაიწყო – 49-ე წუთზე სტუმრები 10 მოთამაშით დარჩნენ – უიღბლო გამოდგა პასკუალე მაძოკის დებიუტი, რომელიც მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა, მაგრამ უხეშობისთვის ოთხ წუთში მოედნიდან გააძევეს. ამით „ტორინომ“ მალე ისარგებლა და 52-ე წუთზე ნიკოლა ვლასიჩის გოლით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

 

66-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნომ „ტორინოს“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0.

 

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო, მათ შორის სამი – იტალიის სერია A-ში და 19 ტურის შემდეგ, 28 ქულით მე-9 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „ტორინომ“ (27) ნეაპოლელებთან ჩამორჩენა შეამცირა და მე-10 ადგილზე დაწინაურდა.

 

 

 

big_banner
არქივი