logo_geo
საქართველოს ნაკრების მეტოქე ევრო 2024-ის პლეი ოფში - როგორ შეცვალა ლუქსემბურგმა საფეხბურთო განზომილება
- +

27 იანვარი. 2024. 23:40

 

 

ახლოვდება ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალი, რომელშიც საქართველოს ნაკრები თბილისში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. შევეცდებით, ლუკ ჰოლცის გაწვრთნილი ნაკრების ძირითად მახასიათებლებზე მოგითხროთ.

 

თუ გადავხედავთ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების თამაშების სტატისტიკას, პატარა ქვეყნების გუნდების პოტენციალზე წარმოდგენა შეგვეცვლება – შეიძლება ითქვას, რომ „ჯვაროსნებს“ საკმაოდ რთულ მეტოქესთან მოუწევთ თამაში.

 

არც ისე შორეულ წარსულში ლუქსემბურგის ნაკრები ევროპული ფეხბურთის ფსკერზე იმყოფებოდა, მაგრამ მწვრთნელად ლუკ ჰოლცის დანიშვნის შემდეგ გუნდის თამაში და შედეგები გაუმჯობესდა.

 

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში გუნდს ჩავარდნა მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებთან ჰქონდა, როდესაც ორივე მატჩში დიდი ანგარიშით (0:6, 0:9) დამარცხდა, რაც დიდი დარტყმა იყო. მაგრამ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ლუქსემბურგი აღმავლობას განიცდის და ამაზე ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემიც მოწმობს.

 

1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ პირველად, ლუქსემბურგმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში 17 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია გუნდისთვის, რომელმაც წინა 33 საკვალიფიკაციო ეტაპზე 26-ჯერ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

 

 

რეკორდული ქულები

 

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ლუქსემბურგის მიერ მოპოვებული 17 ქულა ამ ნაკრების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია – საშუალოდ ლუკ ჰოლცის გუნდი მატჩში 1,7 ქულას აგროვებდა, რაც ლუქსემბურგის ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.

 

გამარჯვებულის მენტალიტეტი

 

20 წლის წინ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა 12-დან 12 თამაში წააგო. ლუკ ჰოლცის გაწვრთნილებმა დამარცხებას შეჩვეული გულშემატკივრები სასიამოვნოდ გააოცეს – ახლახან დასრულებულ ციკლში თავისი არსებობის 70-წლიან ისტორიაში ლუქსემბურგმა პირველად მოიგო თამაშების 50%. 2010 წლიდან, რაც გუნდს ლუკ ჰოლცი ჩაუდგა სათავეში, ლუქსემბურგის ნაკრების ტრანსფორმაცია აშკარაა.

 

ბურთების ბალანსი

 

ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ბურთების ასეთი ბალანსით დაასრულა – 13:19. ეს მის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. რა თქმა უნდა, ბალანსი გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა პორტუგალიასთან ორი მტკივნეული მარცხი – 0:9 და 0:6, ანუ დანარჩენ რვა მატჩში გუნდმა მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა.

 

 

გაუმჯობესებული შეტევა

 

ბოლო დროს ლუქსემბურგი სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს. ევრო 2024-ის შესარჩევში გატანილი 13 გოლი ლუქსემბურგისთვის რეკორდული მაჩვენებელია – გუნდმა ისტორიაში ყველაზე მაღალი საშუალო შედეგიანობა დააფიქსირა – 1,3 გოლი მატჩში.

 

ამავე დროს ლუქსემბურგელი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა შესარჩევი ციკლის საუკეთესო ბომბარდირთა შორის. ახლა კი ჟერსონ როდრიგესი ხუთი გოლით ტურნირის საუკეთესო მეგოლეთა ათეულშია – ლუკაკუს, კრიშტიანო რონალდოს, მბაპეს, კეინისა და ჰალანდის შემდეგ.

 

საიმედო დაცვა

 

პორტუგალიასთან მატჩებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდა ლუქსემბურგის ნაკრების დაცვის ხაზი – გუნდმა საშუალოდ მატჩში ორ გოლზე ნაკლები გაუშვა (1,9), ეს კი გუნდის უკეთესობისკენ შეცვლის ნიშანია და ამ აზრს პორტუგალიასთან წაგებებიც ვერ აუფერულებს.

 

 

big_banner
არქივი