logo_geo
კახა კალაძე: ქართველი გულშემატკივრების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის
- +

27 მარტი. 2024. 21:20

"ულშემატკივარი არის მე-12 ფეხბურთელი მინდორზე, ამის დემონსტრირება მოხდა გუშინ", – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პირველი არხის"  გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.

 

„ზოგადად, გულშემატკივრის გარეშე წარმოუდგენელი მგონია სპორტი და, განსაკუთრებით, ფეხბურთი. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და რეალობა, სრული ჭეშმარიტებაა, რომ გულშემატკივარი არის მე-12 ფეხბურთელი მინდორზე. ამის დემონსტრირება მოხდა გუშინ. ყველა სხვა დანარჩენ თამაშებში, რომლებიც გვაქვს ჩატარებული საქართველოში, ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის არის გამორჩეული თავისი მხარდაჭერით. გულშემატკივარი, რომელსაც ძალიან ბევრი მარცხი აქვს გამოვლილი, ბევრი რთული პერიოდი აქვს გამოვლილი, ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე თამაშების შემდეგ, მაგრამ ის არასდროს გაჩერებულა, არასდროს დაუყრია ფარ-ხმალი, ყოველთვის იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს, ეროვნული ნაკრების ბიჭებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან მაგარი ემოცია. ქართველი გულშემატკივრების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

 

 

მინდა, საკუთარ თავზეც გავიხსენო, კარიერაში როდესაც მქონდა რთული პერიოდი, ქართველი გულშემატკივარი ოჯახის წევრებივით გვერდით მედგა და ამაზე დიდი სიამოვნება, სიყვარული, პატივისცემა, არ ვიცი, რა უნდა იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გუშინ დინამოს სტადიონზე იყო, მათაც, ვინც ვერ მოახერხა და რესპუბლიკის მოედანზე იყო შეკრებილი, უამრავი ადამიანი სახლიდან გულშემატკივრობდა, ყველას უღრმესი მადლობა. ეს ყველას გამარჯვებაა, მხოლოდ ეროვნული ნაკრების ბიჭების გამარჯვება არ არის, სრულიად საქართველოს გამარჯვებაა და გილოცავთ ამ უდიდეს დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

საქართველომ გუშინ „დინამო არენაზე“ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

big_banner
არქივი