67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა.
გადამწყვეტ ბრძოლაში 25 წლის ქართველი მოჭიდავე გერმანელ ფრანკ სტაბლერთან დამარცხდა.
მანამდე ზოიძემ მერვედფინალში კუბელი ისმაელ ბარერო მოლინა 3:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდის 10:0 სძლია.
ნახევარფინალში ზოიძე ირანელ მოჰამადრეზა გერაისთან 1:6 დამარცხდა. ფინალში გერაის მეტოქე უკრაინელი ფარვიზ ნასიბოვი იქნება.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით 11 სახეობაში ასპარეზობს. სპორტის ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.
ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ერთადერთი ოქრო 21 წლის ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მოიპოვა.