logo_geo
თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრებში მუშაობა? ახლა კვიპროსის მწვრთნელი ვარ და რთულია საუბარი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ
- +

14 ოქტომბერი. 2023. 19:25

 

 

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და თავისი გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

 

„ჩვენი ჯგუფის თამაშების დაწყებამდე ვიცოდით, რა სირთულეების წინაშე ვიდექით. ეს თამაშებშიც გამოჩნდა, ექვსი მატჩი ჩავატარეთ და სამწუხაროდ, ჯერ ქულა არ აგვიღია.

 

საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ვეცდებით, რომ პირველი ქულები თბილისში მოვიპოვოთ. რთულ შეხვედრას ველოდებით. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ და შევეცდებით, შესაძლებლობები ამჯერადაც ბოლომდე გამოვავლინოთ.

 

რა სიურპრიზი უნდა მოვამზადოთ, ამ თამაშამდე არაფერი მოგვიგია. საქართველოს ნაკრებთან იყო ერთი მატჩი, სადაც ახლოს ვიყავით ქულის აღებასთან. იმედია, შედეგს ხვალ მივაღწევთ, თუმცა, ეს რთული იქნება.

 

ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში მუშაობა რომ შემომთავაზონ? ახლა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ვარ და რთულია იმაზე საუბარი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ.

 

საქართველოს ნაკრებთან თამაში თავიდანვე არ მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. მთელი ჩემი ცხოვრება ამ გუნდს უკავშირდება, ჯერ ვთამაშობდი, მერე მწვრთნელი ვიყავი. ცხოვრების ნახევარი კვიპროსზე გავატარე და ეს ჩემთვის უცხო ქვეყანა ნამდვილად არაა, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ თამაში არ მსურდა.

 

საქართველოსთან კვიპროსზე დაძაბული თამაში იყო, გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შედეგზე მთავარი როლი იმან ითამაშა, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, თანაც ჩვენს სტადიონზე საქართველოს უფრო მეტი გულშემატკივარი ქომაგობდა, ახლა ნორვეგისთანაც ჰალანდის სანახავად მოვიდნენ. იმედია, თბილისში სტადიონი გაივსება, კარგი თამაში იქნება და ხალხი თამაშით კმაყოფილი დარჩება“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

 

ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების შეხვედრა 15 ოქტომბერს, „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

 

 

big_banner
არქივი