logo_geo
ვილი სანიოლი: კვიპროსის ნაკრებს ქულები ძალიან სჭირდება და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება
- +

14 ოქტომბერი. 2023. 19:30

 

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კვიპროსის ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა.

 

„ტაილანდთან შეხვედრით კმაყოფილი დავრჩი, რადგან მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ. ფეხბურთელებიც კმაყოფილები იყვნენ, რადგან სექტემბრის წარუმატებელი მატჩების შემდეგ, თავდაჯერება შეიძინეს.

 

თუმცა ზედმეტიც არ უნდა მოგვივიდეს, რადგან კვიპროსი გაცილებით ძლიერი მეტოქეა და მათთან რთული თამაში იქნება. იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები კვლავ პროფესიონალურად მიუდგებიან საქმეს და წარმატებას მივაღწევთ.

 

ბოლო დროს ლევან შენგელიამ ძალიან მოუმატა და მივიჩნიე, რომ შეუძლია ნაკრებს დაეხმაროს. რატომ იყო წინა მატჩში კაპიტანი კვირკველია და არა ლორია? მეკარის კაპიტნობა არ მიყვარს, რადგან არის ფუნქციები, რომელსაც წინა ხაზის მოთამაშეები უკეთესად ასრულებენ. გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაა, ვიცე-კაპიტანი კი ნიკა კვეკვესკირი.

 

დღევანდელ ფეხბურთში გუნდებს შორის სხვაობა ძალიან შემცირდა. კვიპროსზე მოგება გაგვიჭრდა, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწიეთ. იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრაც საჩვენოდ წარიმართება. თუმცა, ქულები კვიპროსსაც ძალიან სჭირდება და ეს ჩენთვის დიდი გამოწვევაა.

 

ლევან კუტალია? კონკრეტულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით კითხვები ხშირად ისმება. უფრო იოლი იქნება, რომ მითხრათ, ვინ უნდა ამოვაგდო შემადგენლობიდან. არ მაქვს საშუალება, რომ 40 მოთამაშე მოვიწვიო. კუტალიას ვაკვირდები, სასიამოვნოა, რომ სომხეთში გოლები გააქვს, მაგრამ ამ ეტაპზე თავდამსხმელის პოზიციაზე სხვების მიწვევა ვამჯობინე.

 

კვიპროსი დაცვაში კომპაქტურად თამაშობს, ასეთ დროს აუცილებელია მოთმინება და იმის გაცნობიერება, რომ მიზნის მიღწევა სწრაფად შეუძლებელია. გვაქვს რესურსი, რომ ასეთ რთულ მეტოქესთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

 

ტაილანდთან იყო შეცდომები, სავარაუდოდ, იმის გამო მოვდუნდით, რომ დიდი ანგარიშით ვიგებდით. სხვა გუნდები ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებენ, მაგრამ ეს ფეხბურთელებსაც ესმით და შეეცდებიან, კვიპროსთან იგივე შეცდომები არ დაუშვან“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

 

 

big_banner
არქივი