logo_geo
თემურ ქეცბაია: კვიპროსის ნაკრებში ჩვენს მომავალს ამ შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ განვიხილავთ
- +

15 ოქტომბერი. 2023. 20:29

 

 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის (0:4) შემდეგ კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ „მიხეილ მესხი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

 

„არ ვიცი, როგორ დავიწყო. რა მოხდა მეორე ტაიმში და თამაში ასე როგორ დავასრულეთ, გაუგებარია. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გოლი გავუშვით და ამან გუნდი დაშალა. ეს პირველი შემთხვევა არაა, 60 წუთი ვთამაშობთ და მერე პრობლემები გვაქვს.

 

ახალგაზრდული გუნდია. მესმის, ფეხბურთელმა ბურთი დაკარგოს, მაგრამ მიუღებელია, რომ არ იცის, სად ირბინოს. კვიპროსის ნაკრებში ჩვენს მომავალს ამ შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ განვიხილავთ.

 

რა პერსპექტივა აქვს კვიპროსის ნაკრებს და აქვს თუ არა აზრი მუშაობის გაგრძელებას? ამბიციური ფეხბურთელი და მწვრთნელი ვიყავი და ადვილი არაა, ასეთი წარუმატებელი გამოსვლის ატანა. მაშინ უნდა წავსულიყავი, როდესაც ჯგუფში მეტოქეების ვინაობა შევიტყვეთ.

 

გვყავს 3-4 ფეხბურთელი, ვინც დაგვაკლდა, მათთან ერთად უკეთესი გუნდი ვიქნებოდით. სამწუხარო ისაა, რომ ბევრი მოთამაშე, ვინც გამოვიძახეთ, კვიპროსის ჩემპიონატში არ თამაშობს. ასეთ პირობებში შესარჩევ ციკლში თამაში რთულია.

 

მეორე ტაიმის დასაწყისშივე გოლი გავუშვით, შემდეგ კიდევ გაგვიტანეს. პირველი ტაიმები ჩვენს თამაშებში მუდამ კარგი იყო, შემდეგ კონცენტრაციასა და ჯანს ვკარგავდით, შედეგად კი ვაგებდით,“ – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

 

 

big_banner
არქივი