logo_geo
„გაზიკ, ბრატ, ეტა ტი? გაზიკას უთქვამს, ჯერ ვიფიქრე, შიშისგან მეჩვენებაო, მაგრამ უცნობმა გაუმეორა შეკითხვა“
- +

26 აპრილი. 2018. 11:08

 

 

ინტერნეტმომხმარებელი მიშკა ანდღულაძე სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომის ერთ ეპიზოდს იხსენებს:

 

„ერთი ამბავი მინდა მოვყვე. 12 წლის წინ მომიყვნენ და ახლა მომინდა დაწერა, არ დაიზაროთ წაკითხვა, საინტერესო ამბავია.

ერთი პერიოდი (სულ რაღაც 2 წელი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიყავი და მაშინ მომიყვნენ აეროპორტში ეს ამბავი.

– კომუნისტების დროს, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის აეროპორტები საქართველოს აეროპორტები იყო ყველა და მფრინავები ყველა ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. თბილისის აეროპორტში პილოტი იყო, ოსი, გაზაევი, გაზიკა. სოხუმის აეროპორტში - სლავა ეშბა. ამბობენ, უბრალო აფხაზი ვაჟკაცი და კაცური კაციო.

მოკლედ აირია 90 იანებში ქვეყანა, დაიწყო აფხაზეთის ომი. თბილისელი პილოტები ქართულ ჯარს ეხმარებიან, დაფრინავენ ბაბუშერაში, სლავა ეშბა კი აფხაზური საჰაერო ძალების სარდალი გახდა და აფხაზების მხარეს იბრძვის. 1993 წლის ადრე გაზაფხულია. ბაბუშერადან „ტუ 134“ აფრინდა დაჭრილებით და თბილისში დამბრუნებელი ჯარისკაცებით გადატენილი. პილოტი ზუსტად ის ოსი გაზიკაა, გაზაევი. ძალიან თავისებური, სპეციფიური ხმა აქვს გაზიკასო, ამობებენ. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავის რადარმა დააფიქსირა კუდის მხრიდან მისკენ მოძრავი მფრინავი ობიექტი. მიახლოების სიჩქარით მიხვდა გაზიკა, რომ სამხედრო თვითმფრინავია და თან აფხაზური ან რუსული, რადგან ახლომახლო ქართული თვითმფრინავი არაა, ზუსტად იცის. თბილისს გადმოსცა, უკნიდან სამხედრო თვითმფრინავი მიახლოვდება და ალბათ ჩამოგვაგდებსო. „ტუ 134“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მანევრირების მქონე თვითმფრინავია და გაექცე სამხედრო თვითმფრინავს, ან რაიმე „მანიოვრით“ აიცილო ნასროლი რაკეტა ან სწრაფმსროლი ავიაზარბაზნის ჭურვები, წარმოუდგენელია. მოკლედ, გადარჩენის შანსი ნულის ტოლია. მორჩა გაზიკა თბილისზე ინფორმაციის მიწოდებას და მის სიხშირეზე უცხო ხმა ერთვება და ეკითხება – გაზიკ, ბრატ, ეტა ტი? გაზიკას უთქვამს, ჯერ ვიფიქრე, შიშისგან მეჩვენებაო, მაგრამ უცნობმა გაუმეორა შეკითხვა.

– და ეტა ია, - უპასუხა გაზიკამ გაკვირვებულმა და დაბნეულმა.

–ეტა ია, სლავა ეშბა, - გაისმა ყურსასმენში.

–პრივეტ, სლავა, - სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მიესალმა გაზიკა დაბნეული.

–პრივეტ! ვოტ ი სვიძელის, ბრატ! - პასუხობს აფხაზი.

–პრივეტ, ბრატ! პრივეტ! და, სვიძელის, ი ჩტო დალშე? - უპასუხა გაზიკამ და უარესისთვის გაემზადა.

– დალშე? დალშე ნიჩევო!! დალშე ჟივი, ბრატ! ჟივი! - უპასუხა აშბამ, „ტუ134“-ს ქვევიდან, მუცლის ქვეშ ამოუფრინა დიდი სიჩქარით, გაასწრო, მერე სიმაღლე აკრიფა, მარცხენა ვირაჟით წრე მოხაზა და უკან, სოხუმისკენ გაფრინდა. რაციაც დადუმდა.

 

P.S. რატომ დავწერე ეს? ათასი ჯურის და უცხო თესლით გარშემორტყმულებმა, ჩვენც, აფხაზებმაც და ოსებმაც ერთი კითხვა უნდა დავუსვათ ჩვენ თავს! ჩვენ ერთმანეთის ისტორიული, მოსისხლე მტრები ვართ თუ ბედის უკუღმართობით და ჩვენი არაკეთილმოსურნეების მონდომებით ჭკუაარეული, ერთმანეთს წაკიდებული კეთილი მეზობლები და ძმები?!!! ამას რომ გავცემთ პასუხს, საშველიც მერე იქნება“, - წერს მიშკა ანდღულაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი