logo_geo
5 შეცდომა, რომელსაც პირველკლასელი ბავშვის მშობლები უშვებენ
- +

12 თებერვალი. 2017. 19:28



პირველი კლასი თითოეული ბავშვის ცხოვრების არც ისე იოლი ეტაპია. ამჯერად ვისაუბრებთ პატარა მოსწავლეების მშობლების ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია.


უარის თქმა სიტუაციის კონტროლზე

 

ბევრი მშობელი ჯეროვნად ვერ აფასებს სკოლის სირთულეებს. ეს ხდება ძირითადად ისეთ ოჯახში, სადაც ბავშვი სკოლამდელ დაწესებულებაში წარმატებული იყო. მშობლები თვლიან, რომ თუ მათი პატარა კარგად კითხულობს, ანგარიშობს, ინგლისურ ენაზე რამდენიმე ფრაზა იცის, სკოლაში უცილებლად ფრიადოსანი იქნება. სინამდვილეში, სკოლაში სწავლა მხოლოდ სასაწავლო პროცესის სირთულეების გადალახვას არ გულისხმობს. ბავშვები ხშირად იბნევიან არა სასწავლო პროგრამებში, არამედ მათთვის აქამდე უცნობ სიტუაციებში. როგორ უნდა მოიქცეს, თუ ჩანთაში არ აღმოჩნდა საჭირო წიგნი ან ნივთი (ფანქარი, კალამი)? რა ქნას, თუ არასწორად მოინიშნა საშინაო დავალება? ამის ფონზე შეიძლება გაჩნდეს ჩამორჩენა აკადემიური მოსწრებაში. ამიტომ მშობელმა ყოველდღიურად უნდა გამოკითხოს ბავშვს, როგორ ჩაიარა დღემ, თუმცა მინიმალურად ჩაერთოს საშინაო დავალებების მომზადების პროცესში, რათა ბავშვს თავიდანვე გაუჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. ასევე მუდმივი კონტაქტი უნდა იქონიოს კლასის დამრიგებელთან.

 

სკოლის ხელმძღვანელისა და პედაგოგის კრიტიკა

 

მოსწავლემ პატივი უნდა სცეს პედაგოგს და ამაყობდეს თავისი სკოლით. ხშირად სკეპტიკურად განწყობილი მშობლები ბავშვების თანდასწრებით აკრიტიკებენ მასწავლებელს და სკოლას. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობლები პატივს არ სცემენ კლასის დამრიგებელს და მუდმივად მის კრიტიკაში არიან, ბავშვიც შესაბამისად იქცევა და ბევრ პრობლემას უქმნის მშობლებს თავისი საქციელით. თუ რამეში არ ეთანხმებით პადაგოგს, გაესაუბრეთ მას ბავშვის დასწრების გარეშე და შეიკავეთ თავი ნეგატიური ემოციური შეფასებებისგან.


არაჯანსაღი მიდგომა შეფასების მიმართ

 

კიდევ ერთი ტიპური შეცდომა - შეფასების კულტივირება, გაუცნობიერებლად ბავშვზე ზეწოლა. რა თქმა უნდა, მშობელმა უნდა აკონტროლოს სასწავლო პროცესი, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის ცოდნას და არა ნიშანს. გაძლიერებული ყურადღება შეფასებების მიმართ და განსაკუთრებით კრიტიკა - მიგიყვანთ იქამდე, რომ ბავშვი  მუდმივად სტრესში იქნება. ასეთ პირობებში ის ნამდვილად ვერ მიიღებს სიამოვნებას სწავლის პროცესისგან და შეძულდება კიდეც სწავლა. სკოლიდან სახლში დაბრუნებულს ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა დღემ, რა ისწავლა ახალი და არა მხოლოდ - რა ნიშანი მიიღო ამა თუ იმ საგანში.


დახმარება ყველგან და ყველაფერში

 

მშობლის მეორე უკიდურესობა შვილის მიმართ გადაჭარბებული მზრუნველობა და დაცვაა. აღიქვით იგი დამოუკიდებელ პიროვნებად. ხშირად ეს ვლინდება საყოფაცხოვრებო წვრილმანებში. როცა სკოლიდან დაბრუნებულს არ მიუთითებთ, რომ დაკიდოს თავისი ტანსაცმელი კარადაში ან აიღოს თავისი თეფში, იმის გამო, რომ „სკოლაში დაიღალა". მშობლის ასეთი მიდგომით ბავშვი მიეჩვევა იმას, რომ დედა ყველაფერს გააკეთებს მის მაგივრად. ზოგიერთისათვის ასეთი პრაქტიკა საშინაო დავალებების მომზადებაზეც ვრცელდება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გაკვეთილების მომზადების პროცესში მშობლის დახმარება გულისხმობს ერთობლივ მუშაობას, განვლილი მასალის გამოკითხვას, მითითებას იმისა, თუ რა გზით უნდა ამოხსნას ესა თუ ის ამოცანა. ბავშვის მაგივრად დავალებების შესრულება დაუშვებელია! დამოუკიდებლობის ასეთი დათრგუნვა მიგიყვანთ იქამდე, რომ მომავალში ბავშვს არ ექნება განვითარებული თვითორგანიზაციის უნარ-ჩვევები და უფროსების მხრიდან მუდმივ კრიტიკას დაიმსახურებს.


ყოველმხრივი განვითარების სურვილი

 

ზოგჯერ, ძნელია იპოვო ოქროს შუალედი მრავალმხრივ შემოქმედებით განვითარებასა და ბავშვის რეალურ სურვილებს შორის. ამ შემთხვევაში არ არსებობს უნივერსალური სქემა, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები. მაგალითად, ზოგიერთი ბავშვისათვის მუსიკალურ სკოლაში სიარული ერთგვარი განტვირთვაა მათემატიკის გაკვეთილის შემდეგ, ზოგიერთისთვის კი - ნამდვილი სატანჯველი.


სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელ დამატებით წრეზე ატაროთ თქვენი პატარა, აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი სურვილი და შესაძლებლობები. ჯერ შეხედეთ, როგორ ართმევს თავს დავალებებს, რამდენად აქვს ფიზიკურად იმის დრო და ძალა, რომ სხვა დამატებითი დავალებებიც შეასრულოს. თუ ბავშვი მოძრავი და აქტიურია, ჭადრაკის წრეზე სიარული მისთვის ნამდვილი სასჯელი იქნება, თან დამქანცველი 4-5 გაკვეთილის შემდეგ. გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ დასვენების დღის წესს: ბავშვს უნდა ჰქონდეს ერთი დღე მაინც ისეთი, რომელიც არ იქნება დატვირთული რეპეტიტორით, სხვადასხვა სექციაზე სიარულით და მეცადინეობით. ის ჯერ პირველ კლასშია და მისთვის ახალი სამყარო დაიწყო, სადაც ისედაც ბევრ რამეს უნდა შეეგუოს და გაითავისოს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი