logo_geo
რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა პრობლემები შეექმნებათ მომავალში ასეთ ბავშვებს?!
- +

15 მარტი. 2017. 00:04


 

ყველა მშობელი ერთხმად აღიარებს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, მშობელმა თავის შვილებს თანაბრად გაუნაწილოს სითბო, სიყვარული და ყურადღება. თუმცა რეალურად, უმეტეს შემთხვევაში მშობლები შვილებს ერთნაირი დოზით არ უნაწილებენ სითბოსა და ყურადღებას. რატომ და რა ნიშნით ხდება შვილების გარჩევა, რა პრობლემები შეექმნება მომავალში ბავშვს, რომელსაც მშობლები გარკვეული ნიშნით არჩევდნენ მეორე შვილისგან, ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე mshoblebi.ge-ს ესაუბრა.


- ბავშვისთვის პირველი სოციალური წრე არის ოჯახი. ოჯახის სტრუქტურა, დინამიკა და მიმდინარე პროცესები შემდეგში ბავშვის ქცევაზე, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს. ოჯახის ერთ ნაწილში ცვლილება პირდაპირ იწვევს ცვლილებებს მეორე ნაწილშიც და ეს ორივე აუცილებლად ახდენს გავლენას ბავშვის განვითარებასა და ქცევაზე. გავლენას ახდენს ოჯახში არსებული მრავალგვარი ურთიერთობები: დედის მამასთან და მამის დედასთან, მშობლების შვილებთან, ბებიის და ბაბუის შვილებთან ურთიერთობები. დამეთანხმებით, რომ მშობლების და შვილების ურთიერთობა არის ყველაზე ძლიერი კავშირი, რომელიც განსხვავდება ურთიერთობების სხვა სახეებისგან. ეს ურთიერთობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვითარდება, რაც დამოკიდებულია მშობლის, შვილის პიროვნულ მახასიათებლებზე, ოჯახის სტრუქტურასა და ოჯახში არსებულ პროცესებზე, კომუნიკაციის ფორმაზე.

 

- მინდა შევეხოთ მშობლების მიერ შვილების გარჩევის თემას, რაც ძალიან მტკივნეულია. რატომ და რა ნიშნით არჩევენ მშობლები შვილებს?

 

- რამდენიმე ფაქტორზე უნდა ვისაუბროთ და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებულ შემთხვევაზე ვისაუბრებ.


წყვილისთვის პირველი ორსულობა მრავალფეროვან ემოციებთან არის დაკავშირებული, მძაფრია მოლოდინები, წარმოდგენები, ზრუნვა. მთელი ოჯახის, ოჯახის მეგობრების სიყვარული, ზრუნვა, ყურადღება მიმართულია პირველი შვილისკენ. ბავშვი არის ცენტრი, რომლის გარშემოც მომართულია მთელი ოჯახი, სრულდება მისი სურვილები, მუდმივად არის ყურადღების ფოკუსში, მეორე ბავშვის დაბადების შემთხვევაში კი ის აცნობიერებს, რომ შეიძლება დაკარგოს ეს პოზიცია. ამას მოწმობს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ამბობენ მშობლები, რომ მაგალითად, მათი პირველი შვილი ეჭვიანობს დაზე, არ აძლევს სათამაშოებს, ართმევს ნივთებს. აქ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ ეჭვიანობს და პირიქით, რატომ არ ერთვება დის ან ძმის მოვლაში? დის ან ძმის დაბადება დაკავშირებულია ბავშვებისთვის იმის გაცნობიერებასთან, რომ მათ მშობლების სიყვარულის, ზრუნვის და ყურადღების განაწილება მოუხდებათ. ამ ყველაფერში აუცილებელია მშობლის როლი, რა ფორმით მიაწოდებენ მეორე შვილის დაბადების შესახებ ინფორმაციას. თუ მშობელი ყოველთვის მოსთხოვს კონკრეტული სურვილების იგნორირებას ერთი მიზეზით "პატარაა, შენ დიდი ხარ და დაუთმე", ეს ფრაზა მიანიშნებს, რომ პირველ შვილს ყოველთვის მოუწევს საკუთარი პოზიციების, სურვილების დათმობა, რაც გამოიწვევს ძალიან ბევრ განსხვავებულ შედეგს, დაჩაგრულის პოზიციას, დისტანციას ოჯახთან, აგრესიას დასთან ან ძმასთან. მას სულ ექნება განცდა, რომ ჩაგრავენ და არჩევენ.


მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს ამ შემთხვევაში და დაუშვებელია ყურადღების არასწორი განაწილება, საჭიროა სწორი ფორმით განმარტებების მიცემა და პირიქით, თხოვნა, რომ დედისთვის ის ახლა საჭიროა, სჭირდება მისი დახმარება ოჯახის ახალი წევრის მოვლაში და ამავდროულად ის ისევე ძალიან უყვარს.


სხვა შემთხვევაში, რიგითობით მეორე შვილები ამბობენ, რომ ეს ყოველთვის ასეა, პირველი შვილი უფრო მეტად უყვართ, რადგან პირველია ოჯახში. ხშირად ვისმენთ ისტორიებს, როდესაც ამბობენ, რომ ჯერ პირველი შვილი უნდა უზრუნველყონ საჭირო ნივთებით, მხარი დაუჭირონ განათლების მიღებაში ან ახალი ნაბიჯის გადადგმაში და ამის შემდეგ დაეხმარონ მეორე შვილს. მშობლების მხრიდან ყურადღების, ზრუნვის განაწილება რიგითობის მიხედვით და ამის შესახებ მუდმივად ხაზის გასმა ხელს უწყობს პირველი შვილის სტერეოტიპის შექმნას, რაც თავის მხრივ ცვლის ოჯახის დინამიკას და ოჯახის ურთიერთობებს. შესაძლოა მეორე და შემდეგმა შვილებმა თავი იგრძნონ ოჯახისგან იზოლირებულად და მათ შორის გაჩნდეს დაპირისპირება, აგრესია.


ასევე ხშირად იკვეთება ისტორიები, როდესაც ფიქრობენ, რომ მთავარია პირველ რიგში ბიჭის საჭიროებები დააკმაყოფილონ, ატარონ ცურვაზე, ფეხბურთზე, ინგლისურზე, მხარი დაუჭირონ ყველა ახალი ნაბიჯის გადადგმაში, დააყენონ გზაზე და მას შემდეგ უკვე გოგონაზე იზრუნონ. ამ შეხედულებებს ამყარებენ ხოლმე ასეთი ფრაზით: "გოგო სხვისია, წავა და გაგიფრინდება". ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში დაუშვებელია ყურადღების, ზრუნვის განაწილება რიგითობის და სქესის მიხედვით.


 

- თუ ყოფილა შემთხვევები, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც ასხვავებენ?


- არის ისტორიები, როდესაც ერთი შვილის ჯანმრთელობის პრობლემების, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის გამო მეორე შვილს ვერ უთმობს დედა დროს. აქ მნიშვნელოვანია, ეს მოცემულობა დააბალანსონ ოჯახის სხვა წევრებმა და მიუხედავად ადგილმდებარეობის ბარიერისა, დედას ჰქონდეს აქტიური კავშირი თუნდაც ტელეფონით, რათა მოხდეს წინა პლანზე იმ ფაქტორების წამოწევა, რომ ეს ყველაფერი დროებითია, დედას ისევე ძალიან უყვარს თავისი შვილი, მასზე ფიქრობს, ენატრება, რადგან ახლა ვერ ახერხებს მასთან ყოფნას გარკვეული მიზეზის გამო, რომელიც დროებითია და ძალიან მალე შეიცვლება.


აღვნიშნე, რომ ოჯახის დინამიკა, სტრუქტურა და პროცესები ბავშვის ქცევის დეტერმინანტია. ყურადღების, ზრუნვის არასწორი განაწილების გამო ხშირად ის ბავშვები, რომლებიც ნაკლებად გრძნობენ სითბოს, ზრუნვას, ყურადღების მიქცევის ახალ და უფრო მარტივ საშუალებებს იყენებენ, ამტვრევენ ნივთებს, აღარ მეცადინეობენ და აღარ აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, იგვიანებენ სკოლაში, მშობლების თხოვნებს აიგნორებენ, ჩხუბობენ თანაკლასელებთან. ასეთი ფორმით ცდილობენ მიიპყრონ მშობლების ყურადღება.


მოსმენილი ისტორიებიდან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რის მიხედვითაც ამბობენ, რომ მშობლები არჩევენ მათი ძმებისგან და დებისგან. ეს ფაქტორებია: სქესი, როდესაც ბიჭი ყოველთვის პრივილიგირებულია. რიგითობა - აქ ძირითადად ორი სიტუაცია გვხდება, როდესაც პირველი შვილი არის ყოველთვის ყურადღების ცენტრში და პირიქით. ერთი შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად აკლდებათ ყურადღება დანარჩენ შვილებს და ამას ძალიან სენსიტიურად იღებენ. საუბრობენ ასევე, იმის შესახებ რომ მათი ძმა ან და უფრო წარმატებულია, მაღალ ქულებს იღებს და ამიტომ ამის გამო არჩევენ, ეს კი უკვე შედეგია საწყის ეტაპზე ყურადღების არასწორი გადანაწილებისა მშობლების მხრიდან. კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი მშობელი, რომელიც იყო მეორე შვილი და ყურადღება აკლდებოდა. როდესაც ის მშობელი გახდა, შესაძლოა მთელი ყურადღება მიმართოს მეორე შვილზე იმ მიზეზით, რომ იგივე არ იგრძნოს მისმა შვილმა, თუმცა შეიძლეა ამ დროს პირველ შვილმა იგრძნოს ნაკლები ზრუნვა და სითბო.



- რას ურჩევთ მშობლებს? როგორ უნდა მოიქცნენ შვილებთან ურთიერთობის დროს?

 

- მშობლებო, მეორე შვილის დაბადების შესახებ სწორი ფორმით მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს პირველ შვილს, რომ ახლა განსაკუთრებულად გჭირდებათ მისი დახმარება, რომ ის ისევე არის თქვენი ოჯახის აქტიური წევრი, რომელსაც ისევე დაუთმობთ დროს, სიყვარულს და სითბოს, როგორც ადრე.


ყოველდღიური აქტიური რიტმის გამო ძალიან რთულია ყურადღების თანაბარი განაწილება შვილებზე, თუმცა ეს პირველ რიგში აუცილებელია. არასდროს უთხრათ და უსაყვედუროთ თქვენს ერთ შვილს იმის შესახებ, რომ ის კარგად ვერ ხატავს, ვერ იღებს მაღალ ქულებს ან ვერ დარბის სწრაფად, ამას კი მეორე შვილი მარტივად და წარმატებით აკეთებს.


თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს შვილებს მომავალში როგორი ურთიერთობა ექნებათ, დაეხმარებიან თუ არა ერთმანეთს რთულ პერიოდებში თუ პირიქით?! და ბოლოს, ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და მშობლებო, თქვენზეა დამოკიდებული, თქვენი შვილები როგორი მშობლები იქნებიან.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი