logo_geo
მშობლებმა მასზე უარი თქვეს... გოგონა უცხო ადამიანებმა იშვილეს და მსოფლიო ჩემპიონად აქციეს!
- +

1 აპრილი. 2017. 11:25



როცა 1989 წელს უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში ოქსანა ბონდარჩუკი დაიბადა, ექიმები გაოგნდნენ: ბავშვს ფეხების ძირითადი ნაწილი არ ჰქონდა, ხელები დაკრუნჩხული, ცერა თითების და ფრჩხილების გარეშე, ასევე დაზიანებული ჰქონდა თირკმელები. სავარაუდოდ, დეფექტები ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის გავლენა იყო, რომელიც გოგონას დაბადებამდე სამი წლით ადრე მოხდა და მას მერე, წლების განმავლობაში უკრაინაში ბევრი ბავშვი იბადებოდა ასეთი დეფექტით.


მშობლები არ აღმოჩნდნენ მზად ამ განსაცდელისთვის და გოგონა ბავშვთა სახლში ჩააბარეს. მას მერე მას მშობლები არ უნახავს. ოქსანამ ბავშვთა სახლში 7 წელი გაატარა  და იმ წლების გახსენებაც არ უნდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს ამცირებდნენ, სცემდნენ და შიმშილით კლავდნენ.

 

ერთადერთი ის აძლევდა ძალას, რომ სჯეროდა, ერთხელაც ოჯახში მოხვდებოდა. მას ჯერ კიდევ არ ესმოდა ის, რაც აღმზრდელებმა იცოდნენ - არავის მოუნდებოდა ასეთი ბავშვის აყვანა.


თუმცა, ყველას გასაოცრად, სასწაული მოხდა: ქალმა ათასობით კილომეტრის მიღმა ნახა ოქსანას ფოტო და მიხვდა, რომ ის მისი შვილი უნდა გამხდარიყო. გაი მასტერსი ცინცინატიდან (აშშ, ოჰაიოს შტატი) არ შეუშინდა გოგონას შეზღუდულ შესაძლებლობებს. პირიქით, ეს მისთვის დიდ სტიმულად იქცა.


პირველად მაშინ შეხვდა გოგონას, როცა ის 5 წლის იყო. თუმცა უკრაინული კანონების გამო, შვილად აყვანას კიდევ ორი წელი დასჭირდა. მთელი ეს პერიოდი ოქსანა შიშში ცხოვრობდა, რომ გაი აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა ის დაბრუნდა და გამუდმებით სწერდა წერილებს, რომ გოგონას ფარ-ხმალი არ დაეყარა. გაის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უკვირდათ, არამედ მის მეგობრებსაც. თუმცა ქალი შეუვალი იყო. მას შეეძლო, ჯანმრთელი ბავშვი ეშვილებინა, თუმცა სწორედ ასე მოიქცა და ასე გადაარჩინა ოქსანას სიცოცხლე.

 

 

გოგონა თითქმის 8 წლის იყო, როცა ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობაში ჯერ კიდევ შეეძლო ფეხის წვერებზე სიარული, თუმცა გაიზარდა, წონა მოემატა და ფეხებიც დაუსუსტდა, ვეღარ უმკლავდებოდა ტანს და პრაქტიკულად, გოგონა ვეღარ დადიოდა.


ახალი ოჯახი ყველაფერს აკეთებდა, რომ გოგონას ცხოვრება გამოესწორებინათ. ექიმებმა დაკრუნჩხული ხელები გაუსწორეს, თუმცა ფეხებზე გაცილებით რთულად იყო საქმე. მათი ვერსიით, საჭირო იყო ამპუტაცია, რადგან პროთეზებით ოქსანა გაცილებით უკეთ ივლიდა და ადაპტირდებოდა გარემოში.


დედობილმა გადაწყვეტილება მიიღო და 9 წლის ოქსანას ჯერ მარცხენა ფეხი მოაჭრეს, მერე კი - მარჯვენა. საშიში ოპერაცია გართულების გარეშე ჩატარდა და გოგონამ მალე ისწავლა პროთეზებით არა მხოლოდ სიარული, არამედ სრულიად დაუჯერებელი რამეების კეთებაც - გახდა სპორტსმენი და უკვე ორჯერ მიიღო მონაწილეობა პარაოლიმპიადაზე, ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა ნიჩბოსნობაში და თხილამურებით სრიალში.

 

 

გოგონა ისეთი პოპულარული და სამაგალითო გახდა, რომ სპორტულმა ჟურნალმა ეროტიკული ფოტოსესიაც კი შესთავაზა, რომელიც მართლაც საოცარი გამოვიდა, რადგან ოქსანა ძალიან ლამაზია და შინაგანი ბედნიერება, რომელიც დედობილ-მამობილის ოჯახში დაეუფლა, კიდევ უფრო ასხივოსნებს.


უკრაინაში გოგონას გმირად თვლიან. მიუხედავად მტკივნეული წარსულისა, 2015 წელს ჩავიდა სამშობლოში, რომ დაჭრილი ჯარისკაცები მოენახულებინა. ასევე მოინახულა ბავშვთა სახლი, სადაც ობლობის წლები გაატარა.


ოქსანა და დედამისი მართლა სამაგალითოები არიან. ყველა იმსახურებს სიცოცხლის და ბედნიერების უფლებას და ყველას უნდა მიეცეს ცხოვრებაში ამის შანსი.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი