logo_geo
ის, რაც მშობლებმა უნდა იცოდეთ
- +

8 აპრილი. 2017. 12:47



ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები" მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს.  ამ თემაზე ორგანიზაციის ფსიქოლოგი თამარ საამიშვილი „პრაიმტაიმს" ესაუბრა.


ყურადღების ნაკლებობა:  საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისას, მშობლების ყურადღება ხშირად სიტუაციის შესაბამისი აქტივობისკენაა მიმართული, ეს შეიძლება იყოს საუბარი სხვა მოზრდილთან, კონცენტრირება საყიდლების სიაზე, პროდუქტების შერჩევა და ა.შ. ბავშვი კი მშობლის ყურადღების გარეშე რჩება. მაგრამ საკმარისია, ბავშვმა ამ დროს რთული ქცევის გამოვლენა დაიწყოს, მშობელთა უმეტესობისთვის იგი მაშინვე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მშობლების მხრიდან ყურადღების ასეთი განაწილებით ბავშვები სწავლობენ, რომ „ცუდად მოქცევით" უფრო მეტს მიიღებენ, ვიდრე „კარგი ქცევით" , რაც ხელს უწყობს შესაბამისი ქცევის განმეორებას მომავალში.


დაღლილობა: უფროსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ხანგრძლივი ვიზიტი, როგორც წესი, დამღლელია ბავშვებისთვის. ამიტომ არარეალისტურია მოლოდინი, რომ ბავშვმა შეიძლება წყნარად და მორჩილად გაატაროს რამდენიმე საათი.


გამოცდილების ნაკლებობა:  ბავშვების რთული ქცევა ხშირათ იმითაა გამოწვეული, რომ მათ, უბრალოდ, არ გააჩნიათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შესაბამისი გამოცდილება - არ იციან,  რას უნდა ელოდონ, რა წესების დაცვაა საჭირო და ინტერაქციის რა ფორმებია მისაღები კონკრეტული გარემოს შემთხვევაში;


ცდუნებები:  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, განსაკუთრებით მაღაზიები და რესტორნები ბავშვებს უამრავ ცდუნებას სთავაზობს. ბუნებრივია, ბავშვის ყველა მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება და მშობლის მხირდან საჭირო ხდება გარკვეული შეზღუდვების დაწესება. შესაბამისად, ასეთ ადგილებში ბავშვები უფრო მეტად ისმენენ „არა"-ს, ვიდრე სახლში, რაზეც ხშირად რთული ქცევის გამოვლენით რეაგირებენ.


მშობლის განსხვავებული მიდგომა და დათმობა: მშობელთან ნაწილი, იმის შიშით, რომ ბავშვმა სხვების თანდასწრებით არ გამოავლინოს რთული ქცევა, მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის და განსხვავებულად რეაგირებს ბავშვის ქმედებებსა თუ მოთხოვნებზე საზოგადოებრივ ადგილებში, რასაც ბავშვები ადვილად გრძნობენ და წარმატებით ახდენენ ამით მანიპულირებას.

პირველ რიგში,  მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სოციალური ნორმების შესაბამისი ქცევები არც თანდაყოლილია და არც ასაკის მატებასთან ერთად ყალიბდება ავტომატურად.  თუკი დაველოდებით, როდის გახდება ბავშვი რვა და ათი წლის იმისთვის, რომ თან ვატაროთ მსგავს ადგილებში, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მათ არც აღნიშნულ ასაკში იციან მსგავს სიტუაციებში მოქცევის წესები.


ამის ნაცვლად, საჭიროა, ბავშვს მივცეთ შესაბამისი ქცევების დასწავლის საშუალება, რისთვისაც იდეალური გარემო ისევ და ისევ საზოგაოდებრივი თავშეყრის ადგილებშია.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი