logo_geo
რას ნიშნავს იყო ნამდვილი თბილისელი?
- +

12 აპრილი. 2017. 11:56



რას ნიშნავს იყო ნამდვილი თბილისელი? თბილისში ამ თემაზე საუბარი პერიოდულად ღვივდება, კამათი ძირითადად იმართება ახალ ჩამოსულსა და დაახლოოებით 10-12 წლის ჩამოსულებს შორის. ბჭობენ, კამათობენ, სხვასაც დაეკითხებიან, თუმცა, საბოლოო პასუხამდე მაინც ვერ მიდიან, რადგან ჩემი აზრით, თბილისელობის მნიშვნელობა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარია, რადგან ყველა დროს სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა.

 

თბილისელობა ხელოვნებაა, სითბოა, პროფესიაა კაცობის, ყოველდღე სასწავლი უსასრულობაა..." - მიხეილ ცილიკიშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი


დღეს თბილისელობაზე საუბარი ცოტა გართულდა, რადგან ჩემი აზრით, მართლაც რთულია, გაარკვიო, რას ნიშნავს, იყო ნამდვილი თბილისელი. დღესდღეობით თბილისში ჩამოსულები უფრო მეტნი არიან, ვიდრე აქ დაბადებულები, ჩამოსულებმაც აითვისეს ის მანერები და ქცევები, რაც ქალაქშია მიღებული, თუმცა, ამის ათვისებასაც გარკვეული დრო სჭირდება.


ქალაქში მათი ხშირი გადმოსვლა გარემო პირობების ბრალია, თუ სახელმწიფო სოფელში შეუქმნის ისეთ პირობებს, როგორიც ქალაქშია (კომუნიკაციების შეყვანა, ინფრასტრუქტურა, განათლება), მათ აღარ ექნებათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილი და ვფიქრობ, აღარ იქნება გამოყოფილი სოფლელისა და ქალაქელის ცნება, რადგან ისინი იმ მანერებს მიიღებენ რაიონში, რისი მიღებაც დღეს რეალურად მხოლოდ ქალაქში შესაძლებელი.


ერთმანეთი გვიხაროდა, გვიყვარდა, ეს იყო თბილისელობა" - ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი


და მაინც, რას ნიშნავს, იყო ნამდვილი თბილისელი? - ეს ნიშნავს, იყო ჰუმანური, იცოდე, სად, რა სიტუაციაში როგორ მოიქცე, გიყვარდეს და ზრუნავდე შენს ქალაქზე. შეიძლება, შუა თბილისში დაიბადო და შენს წინა ხუთ თაობას თბილისში ჰქონდეს ცხოვრება გატარებული, მაგრამ შენ მაინც პროვინციელად დარჩე.

ნამდვილმა თბილისელმა იცის, რომ ადამიანები მისი წარმომავლობით არ უნდა გაარჩიოს (ეროვნებით ან სოფლელობით), რადგან ნამდვილი თბილისელები, ძველი დროიდან თბილისში იზრდებოდნენ მრავალი განსხვავებული ერის გარემოცვაში (ქურთები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები და სხვა).


თბილისელობა ეროვნებაა" - ბუბა კიკაბიძე, მსახიობი, მომღერალი.


იგივე კითხვა დავუსვი ხატია წერეთელსაც, რას ნიშნავს თბილისელობა და არის თუ არა რაიმეთი პრივილეგირებული თბილისელი ჩამოსულთან შედარებით?


- თბილისელი ხოხობი იყო მხოლოდო, მე ამ ფრაზას არ ვამართლებ, თბილისელობა ჩემთვის მხოლოდ ძველ უბნებთან ასოცირდება, იტალიურ ეზოს რომ ვეძახით... ასეთ ეზოში გაზრდილი ბავშვები სხვანაირად მეგობრულები, თბილები, ტოლერანტულები არიან. ასეთ სოციუმში გაზრდილები შემდეგშიც განაგრძობენ კეთილგანწყობილ ურთიერთობას და პატივს სცემენ იმ ღირებულებებს, რაზეც აღიზარდნენ, რაც შეეხება უპირატესობებს, აქ ძალთა თანაფარდობა ერთნაირია.


თბილისელს თუ თავის დამკვიდრებაში ახლობლები ეხმარებიან, ჩამოსულს შინაგანწყობა - დაიპყროს ახალი სამყარო, აძლევს ბიძგს, ხოლო პრივილეგიებს ეს ყველგან ერთნაირადაა, თბილისშიც, მოსკოვშიც და მიყრუებულ სოფელშიც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ყოველთვის გარკვეულწილად პრივილეგირებულია, რადგან მან უკეთესად იცის ის გარემო, სადაც მოდის მომსვლელი. იგივე მდგომარეობაა, როცა ქალაქელი გადადის საცხოვრებლად სოფელში, ყოველთვის თეთრი ყვავი რჩება მაინც.


Description: თბილისელი ბიჭები, 1962 წელი.




მიხეილ ცილიკიშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ტამიშის ბრძოლის მონაწილე, პოლიტპატიმარი:


-თბილისელების თბილისური მონატრება - 46 წელია თბილისში ვცხოვრობ და თბილისელობა ისეთი მაგარია, კიდევ ვსწავლობ, 15 წელი ვჩხუბობდი ხელჩართულს და შევეშვი, საერთოდ იდიოტობაა ჩხუბი, ჩხუბს ისწავლი და მორჩა, თბილისელობაა მაგარი და ყოველდღე სასწავლი, 15 წელში თბილისელობას ვერ ისწავლი, ეს ხელოვნებაა, სითბოა, ტრამვაი და ტროლეიბუსი უნდა იცოდე, გამარჯობა თბილისური და სიყვარული, კირიჩნი, არტო, გორკი, კუბოები, ზემელი, კიკვიძის ბაღი, დიღმის ტყე, კუკია, ვერე რეჩკა, ორთაჭალა, ხარფუხი, კიკა, მარინა, დიღმელი კოლა, რიყე, დილის საარი, სადგურიდან წისქვილამდე ტივი, ქალის პატივისცემა, ჩხუბში დაძმაკაცებული კაცის ნათლიად გახდომა, გარდაცვლილი ძმაკაცის შვილების გაზრდა, ომში წვრილშვილი მეგობრის ნაცვლად წასვლა, ომიდან მტრის დაობლებული ბავშვის წამოყვანა და გაზრდა, გამთენიისას ქურთების დაგვილი ქუჩის სუნი სარწყავი მანქანის გავლის შემდეგ, ნახალოვკის ბოღმის ბაღი, ცნობილი ბოი ვასო, დეპოს ხინკალი და კინო გაზაფხულთან" ჩხუბები, მოკირწყლული ქუჩები და ბანიანი სახლებიიი, ტაჩი ნოჟი" უნდა იცოდე და მაროჟნი შიკალადნიიიი"...

 

 

და ბოლოს, დღეს თბილისელობა და ქალაქელობა ნიშნავს დახვეწილ მანერებსა და გემოვნებას, ყველა სიტუაციაში მოქცევის წესებს და, რა თქმა უნდა, განათლებას (არ იგულისხმება უმაღლესი განათლება).



წყარო - andrika.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი