logo_geo
„ღმერთო, სამშობლო მიცოცხლეო“ - თქვი... წამიც და მოცელილივით გადავარდი უკან... დარბაზმა ამოიგმინა...“
- +

13 აპრილი. 2017. 20:12



ისე იცხოვრა და გარდაიცვალა, თითქოს მართლაც ბრძოლის ველზე დაეცა - 12 აპრილს მუხრან მაჭავარიანს 88 წელი შეუსრულდებოდა...


„დავბადებულვარ 1929 წლის 12 აპრილს სოფ. არგვეთში (საჩხერის რაიონი) მოსამსახურის ოჯახში. ვსწავლობდი: 1936 წლიდან 1947 წლამდე თბილისის ვაჟთა მე-7 საშუალო სკოლაში (ყოფილი 25-ე)... ლექსების თხზვა დავიწყე წერა-კითხვის შესწავლამდე... ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მონაკვეთია ჩემი სიყრმე და სიჭაბუკე, - დაკავშირებული საჩხერესთან, საჩხერის პატარა მატარებელთან. ჩემი გულის ჩქროლა იწყებოდა შორაპანში, - დიდი მატარებლიდან პატარაში გადაჯდომისას; ჭიათურაში გული უფრო უმატებდა ძგერას, საჩხერეში კიდევ უფრო, არგვეთში კი, როცა შორიდან თვალს მოვკრავდი ხოლმე ჩვენს ეზოში აღმართულ ვეებერთელა კაკლის ხეს, - უკვე ზენიტს აღწევდა ჩემი სიხარული"... - მუხრან მაჭავარიანის ჩანაწერებიდან.


მუხრან მაჭავარიანის საყვარელი კაკალი მისი სიკვდილის შემდეგ გახმა. ბოლომდე გადასაჭრელად ვერ გაუმეტებიათ, იქნებ ხელახლა ამოიყაროსო... ამოიყარა კიდეც: ბატონი მუხრანის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან მალე, მის მოდგმას ორი ბიჭი შეემატა - შვილთაშვილები მუხრანი და გიორგი...


დიდ პოეტთან და საზოგადო მოღვაწესთან ჩვენი ოჯახების ნათესაობა და გაღმა-გამოღმად გაყოფილი ულამაზესი არგვეთი მაკავშირებდა. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, საზაფხულო არდადეგებზე დასასვენებლად ჩასული, მის წილ არგვეთში მოვხვედრილიყავი, ახლოს რომ მენახა და თავზე ხელი გადაესვა. პირველი ლექსიც, სკოლაში შესვლის წინ, სასექტემბროდ, მისი დავისწავლე - „ვითარცა მტკვარი", პირველადაც ლექსებიდან მისმა „საბამ" ამაცრემლა და სწორედ მისი ლექსებით „გავიცანი" და სამუდამოდ შევიყვარე პოეზია. შორიდან კუშტი და ზვიადი ჩანდა. ოჯახის წევრები ამბობენ: პირში თქმა უყვარდა. ვინმეზე თუ გაბრაზდებოდა ან განაწყენდებოდა, კი არ გაუჯავრდებოდა, მოსწრებული ზემო იმერული იუმორით ისეთს ეტყოდა, სიტყვით გაანადგურებდაო...


თუ ცუდ გუნებაზე იყო, ოჯახში, თურმე, ყველა ფეხის წვერებზე დადიოდა. ერთხელ არგვეთში უგუნებოდ ყოფნა რომ გახანგრძლივებია, უფროს შვილიშვილს, ანიკა ახმეტელს უსაყვედურია: კარგი, გეყოფა, როდემდე შეიძლება, ასე იყოო? გაბრაზებია, - რომ აღარ ვიქნები, მერე მიხვდებით, როგორია უჩემოდ ცხოვრებაო. - ერთი დღე აღარ შევაკითხე ოთახში და მეორე დღეს დედამ მითხრა: მგონი, ძალიან ცუდად არის და შედი, ნახეო. შევედი და ვაკოცე. - იუდას ამბორიო! - უცებ მომიგო, - სიცილით იხსენებს ანიკა.


ანიკა ახმეტელი:

 

„მე და მუხანოს (შვილიშვილები ასე ეძახდნენ - ი.ხ.) განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. ის მარტო ბაბუა კი არა, მამაც იყო, მეგობარიც. საოცარი ენერგია ჰქონდა და სრულიად გვავსებდა. არასდროს გვარიგებდა ჭკუას. ერთხელ ცუდი ნიშანი მივიღე და ამბავი მიუტანეს. გული მისკდებოდა, რამე არ მითხრას-მეთქი. მან კი სადილად მხოლოდ იხუმრა: უსწავლელ ადამიანზე მოჰყვა ამბავს და ამით მიმანიშნა სწავლის მნიშვნელობაზე. ყოველთვის ასე იცოდა - მე და სოფოს პირდაპირ არაფერს გვეტყოდა და ამბებით გველაპარაკებოდა, დანარჩენს კი თვითონ უნდა მივმხვდარიყავით. დიდხანს თუ გავჩერდებოდით მასთან, - თქვენი დრო ამოიწურაო, გვეტყოდა. მოფერებაც არ იცოდა. ჩემს შვილებს ნეკა თითს ყურს უკან თუ მოუსვამდა, ეს იყო მისი მოფერება... ზღვა დიდად არ უყვარდა, მაგრამ ზაფხულობით იქ ჩვენი ხათრით დადიოდა. ერთხელაც სანაპიროდან შინ ამოვაკითხე, ეზოში იჯდა: მუხანო, ხომ არ მოიწყინე-მეთქი? - რა მომაწყენს, კაცო, ვიდრე თქვენ წყალში ხართ, მე აი, იმ ხის კენწეროზე ავდივარ და ჩამოვდივარო (იქვე მდგარ მაღალ ხეზე მიმითითა)...


მახსოვს, სოფელში მილები გაჰყავდათ და ხელოსნები მუშაობდნენ. ჩვენს ეზოში მიწას რომ თხრიდნენ, დალუქული ბოთლი იპოვეს. მეუღლემ მომაწოდა. ვხედავ, შიგნით რაღაც ფურცელია. სასწრაფოდ გავტეხე, გამოვაძვრე ფურცელი და მუხრანის ხელნაწერი ლექსები აღმოჩნდა. სამი ლექსი იყო: „მრავალ ჭირ-ვარამ გადანახადი", „შენ სისხლო ჩემო" და... მესამე არ მახსოვს. სასწრაფოდ გავიქეცი მუხრანთან, გავახარებ-მეთქი, ის კი გამიბრაზდა: ვინ გთხოვა ბოთლის გატეხა? მე მომავალ თაობებს დავუტოვე და ამან არ ლეწა და გამიტეხაო?! თავიდან გვაპოვნინა მსგავსი ბოთლი, ჩადო ლექსები, დალუქა და ისევ მიწაში ჩამარხა..."


გასაოცარია, რომ პირდაპირობით გამორჩეულ მუხრან მაჭავარიანს მოკრძალებული და შეფარული სიყვარული სცოდნია:


„ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ.

იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი,

არაერთს ისე მოეღო ბოლო,

თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!

სად არის იგი!

ეს ღმერთმა იცის!

იმ ერთის ხილვის,

იმ ერთის პოვნის,

ათასში ერთი გამხდარა ღირსი."


„ალბათ არსთაგამრიგემ ინება, რომ მე და შენ გვეპოვა და ჭეშმარიტი სიყვარულით გვყვარებოდა ერთმანეთი გარდაცვალებამდე და შემდგომაც!.." -  წერს მისი მეუღლე ლამარა ბოკერიას მოგონებების წიგნში „ძე ქუხილისა", რომელიც დღიურსა და მეუღლესთან გასაუბრებას უფრო ჰგავს, ვიდრე მშრალ მოგონებას და თითქოს მათი დიდი სიყვარულის მთელი პოეზიაც აქ არის თავმოყრილი:


„ღმერთო დიდებულო, როგორ მიჭირს ამ სტრიქონების წერა: ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის და ქაღალდს მისველებს, სტრიქონებს ვეღარ ვხედავ, - ეს იყო ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი წუთები. შენ ზანტად წამოდექი, დინჯად აიარე სცენისკენ ამავალი კიბე და ფრიდონს გადაეხვიე, - მიულოცე იუბილე: - "არც მე ვარ პატარა, 81-სა ვარო!" - უთხარი. ავანსცენაზე იდექი... შენებურად ომახიანად დაიწყე... მისასალმებელი სიტყვა: ვაჟას სიტყვები "ღმერთო, სამშობლო მიცოცხლეო"... თქვი და უეცრად შეჩერდი, მაღლა აიხედე... წამიც და მოცელილივით გადავარდი უკან... თითქოს ტყვიით განგმირული მეომარი დაეცაო ბრძოლის ველზე... დარბაზმა ამოიგმინა... ალბათ ხალხის გმინვა და დრტვინვა მარადისობის გუგუნად ჩაგესმოდა... ყველა ფეხზე წამოდგა... ჩვენ სცენაზე ამოვცვივდით... ჩვენი შვილიშვილი, ოთხი თვის ფეხმძიმე ანიკა, მუხლებზე დაჩოქილი ცდილობდა შენს გადარჩენას... შენ კი ფართოდ გახელილი უძრავი თვალებით შორეთს გასცქეროდი... მთელი საქართველოს თვალწინ გაგიჩერდა გული, სასწაულებრივად გაჩერდა შენი მაჯის საათიც... გაზაფხულზე დაიბადე და გაზაფხულზე გადახვედი მარადისობაში... გასაოცარი და სულისშემძვრელია, რომ 1959 წელს დაწერილ ლექსში „წინასწარ ხილვა" - შენ იწინასწარმეტყველე შენი აღსასრული:

 

„ოდნავ ზარმაცი მოძრაობით წამოდგა ფეხზე:

აღმართა ხელი,

ყურადღება ითხოვა უხმოდ.

წუთიც და...

მძლავრი,

ღონიერი, მსუნთქავი ლექსი

უძრავ სახეებს განეფინა,

ვითარცა შუქი.

მივჩერებოდი:

ის, - ხანგრძლივი სიცოცხლის ღირსი,

დროგამოშვებით ირხეოდა,

ვით ქარში მუხა...

წარმოვიდგინე:

მოძრაობის შეწყვეტა მისი,

ცხოვლად ვიხილე:

პირისახე პოეტის,

უხმო."



და კიდევ:


„რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა,

თუ სიკვდილია, - აი, წოლა მესმის შამქორში!.." - ისე იცხოვრა და გარდაიცვალა, თითქოს მართლაც ბრძოლის ველზე დაეცაო...


„ბავშვობიდან, რამდენჯერაც ჩემ თვალწინ სცენაზე ავიდოდა ან ხალხში დადგებოდა, მეგონა, ესროდნენ და მომიკლავდნენ. მაინც ხომ სცენაზე დაასრულა სიცოცხლე და თუმცა იმ წუთას არ უსვრიათ, დიდხანს კლავდნენ და, საბოლოოდ, მომიკლეს კიდეც", - მეუბნება მისი ქალიშვილი, ნანა მაჭავარიანი...


ერთ პოეტს უთქვამს, პოეტისთვის კარგი სიკვდილი უკანასკნელი კარგი ლექსიაო. ასეთ სიკვდილს ალბათ ვერც ინატრებდა სიცოცხლეში - სცენაზე დაასრულა სიცოცხლე და „წარმოთქმული უკანასკნელი ლექსიც" სამშობლოს მიუძღვნა - მისი ბოლო სიტყვა „სამშობლო" იყო. როგორც იცხოვრა, ისევე გარდაიცვალა - ალბათ ბედნიერი, რომ თავისი ხალხიცა და ოჯახიც იქვე ჰყავდა და რაც იწინასწარმეტყველა ლექსით, ისე აუხდა: მართლა „თხემით ტერფამდე შეიძრა მთელი საქართველო"...

 

ირმა ხარშილაძე





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი