logo_geo
გალაკტიონ ტაბიძე: შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე
- +

14 აპრილი. 2017. 14:01



ჟურნალი „თბილისელები" გალაკტიონ ტაბიძის წერილს აქვეყნებს, რომელიც მან თავის მეუღლეს ოლღა ოკუჯავას მიუძღვნა.


„... სად ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარ...ისე მინდა, ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო, იმ ბედნიერებისა, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასოდეს განმეორდება დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერითა და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა... რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას... მეშინია, ოლოლ, მეშინია!...მე მგონია, შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს გატკენს... მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება... სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი?.. ჩემთვის უბრალოდ, შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი. მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის. ვიმეორებ, ჩემს გულს საშინლად წამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის. მე ვგრძნობდი, რომ გულში ყველა დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას... მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა, მეყვირა, არავინ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი. მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როცა ქუთაისში ხარ... შენ რომ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან... თითქოს არაფერიც არ მომხდარა, თითქოს არაფერი საერთო ერთმანეთთან არ გვაქვს", - სწერდა გალაკტიონი ოლია ოკუჯავას.

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი