logo_geo
მეცნიერებმა სამყაროს უძველესი კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს
- +

17 აპრილი. 2017. 22:18



ასტრონომებმა დააფიქსირეს უძველესი კოსმოსური მტვერი მათ შორის, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. მტვერი სამყაროს პირველი ვარსკვლავების დაბადებიდან 200 მლნ წლის შემდეგი პერიოდისაა და შესაძლოა მეცნიერებს დიდი დახმარება გაუწიოს, რათა უფრო მეტი შეიტყონ სამყაროს წარმოშობის შესახებ.


კოსმოსური მტვერი გადამწყვეტი მიკროსკოპული ბლოკია, რომლისგანაც ვარსკვლავები, პლანეტები, და მე და თქვენც შევდგებით. მისი შესწავლა მნიშვნელოვანია გალაქტიკათა ასაკის განსასაზღვრად. ამჯერად აღმოჩენილი მტვრის ოდენობა 6-ჯერ აავსებდა ჩვენს მზეს.


ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა ახალ ცნობებს მოგვაწვდის სამყაროს ყველაზე ადრეული ვარსკვლავების დაბადებისა და ფეთქებადი სიკვდილის შესახებ.


საეჭვო გალაქტიკას A2744_YD4 ჰქვია და ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე ტელესკოპმა ALMA-მ აღმოაჩინა, გარკვეული ცნობები კი შეჰმატა გალაქტიკათგროვა აბელ 2744-ის გრავიტაციულმა ლინზირებამ. 


გრავიტაციული ლინზირება მოითხოვს დედამიწასა და სინათლის შორეულ წყაროს შორის მდებარე ობიექტის გამოყენებას გამადიდებელი შუშის ფუქნციით; ამ შემთხვევაში, A2744_YD4 ჩვენი ტელესკოპებისთვის თითქმის ორჯერ დიდი ჩანს. 


მიუხედავად იმისა, რომ დღეს კოსმოსური მტვერი უხვადაა, თავდაპირველად ის სამყაროში მალე ამოწურულა; შესაბამისად, მისი წარმოშობის კვლევა გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის ძალიან ადრეული სამყაროს იერსახის შესახებ.


როგორც ვიცით, სუპერნოვას აფეთქება ბევრ მტვერს გამოაფრქვევს. შესაბამისად, მკვლევართა აზრით, ამ ოდენობის მტვრის აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ სამყაროს წარმოშობიდან პირველი 600 მლნ წლის განმავლობაში, გალაქტიკა A2744_YD4-ში რამდენიმე ვარსკვლავი მოკვდა.


A2744_YD4 უშორესი გალაქტიკაა მათ შორის, რომელთაც ამ დრომდე ტელესკოპი ALMA დაკვირვებია; გარდა ამისა, ამდენი მტვრის აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ეს გალაქტიკა ადრეული სუპერნოვას აფეთქებამ დააბინძურა", - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნიკოლა ლაპორტი.


ALMA-სა და კიდევ ერთი ტელესკოპის, VLT-ის სიმძლავრის წყალობით, ასტრონომებს ამ გალაქტიკაში უფრო შორს გახედვაც შეუძლიათ; მათი საბოლოო მიზანია დაადგინონ როდის არსებობდა პირველი ვარსკვლავები - დრო, რომელსაც კოსმოსურ განთიადს უწოდებენ.


A2744_YD4 ახლა ბევრად ხნიერი იქნება, რადგან მის სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად მილიარდობით წლები დასჭირდა, შესაბამისად, ტელესკოპები ერთგვარი დროის მანქანებივითაა, რომლებიც წარსულის მოვლენებზე დაკვირვების შესაძლებლობას გვაძლევს. 


„A2744_YD4-ის დაშორების შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეს ჰაბლისა და სპიტცერის კოსმოსურმა ტელესკოპებმა, თუმცა მხოლოდ ALMA-სა და X-Shooter-ის ძლევამოსილი ინსტრუმენტების წყალობით გახდა შესაძლებელი მისი ბუნების დადასტურება", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი გიდო რობერტს-ბორსანი.


ჯგუფის ვარაუდით, ახალგაზრდა A2744_YD4 წელიწადში აწარმოებდა დაახლოებით 20 მზის მასას- ასტრონომიული საზომი რომელიც ჩვენი მზის ეკვივალენტია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი ამ ეტაპისთვის წელიწადში ერთ მზის მასას აწარმოებს.


ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გადაურჩა კოსმოსური მტვერი ცეცხლოვან სუპერნოვას, ასევე, ზუსტად როდის გაჩნდა ეს პირველი ვარსკვლავები; ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სამყაროს ძალიან ადრეული მომენტების გაგების გზაზე.


„ამ სახის შემოთავაზებების შემდგომი კვლევა საინტერესო პერსპექტივაა ადრეული ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესის კვალზე გასასვლელად და ადრეულ სამყაროში მძიმე ელემენტების წარმოშობის პროცესზე დასაკვირვებლად", - ამბობს ლაპორტი.


აღმოჩენათა შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში, ინგლისურ ენაზე:


https://www.youtube.com/watch?v=ip73thabd4w



კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ის შემდეგ ნომერში გამოქვეყნდება, თუმცა პირველადი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია arXiv.org-ზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი