logo_geo
საბრძოლო ნათლობის პირველი ღამე - 17 წლის მეომრის დღიურები აფხაზეთის ომიდან
- +

20 აპრილი. 2017. 11:58




„შაქრო იყო ერთი, მათიაშვილი, გურჯაანელი ვაჟკაცი - შენი ტოლი ბიჭი მყავს კახეთში, ზაზა და იმის მაგივრად წამოვედიო, - თავისი შვილივით მივლიდა, ზედ დამფოფინებდა - თავი ჩაწიეო, აქ გახოხდი, აქ მალე გაიქეცი, აქ „ადინოჩნები" ესროლე, აქ „მიაყარეო", მარიგებდა (ეს უკვე ბრძოლის დროს)...


* * *


საღამოს პოზიციათა ცვლა უნდა მომხდარიყო, მდინარე გუმისთის ერთ ნაპირზე ჩვენები იყვნენ სანგრებში, მეორე ნაპირზე კი - აფხაზები. მომცეს AKM-ის ავტომატი, სამი სავსე „რაჟოკი", ხელყუმბარები, ერთიც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ერთი „მუხა" და ცალკე ტყვია-წამალი - თუმცა მანამდე „მომთხოვეს" - მიზანი უნდა შეგიმოწმოთო! ნუგზარი იყო, ბოხაშვილი, რუსთაველი მებრძოლი, მითხრა:


- აგერ, იმ სახლის საკვამურს, თუ 30 ტყვიიდან „ადინოჩნებით" 15-ს მაინც გაარტყავ, პოზიციებზე მაშინ წაგიყვანთო. - ვიუკადრისე, რას ჰქვია, 15-სთქო, - ჩავიმუხლე, ავტომატი მხარზე მოვირგე და 30 ტყვიიდან 27 მიზანს გავარტყი...  გაგიჟდა ბატალიონის მეთაური, - რა გვარი ხარო, მერეღა მკითხეს. რომ ვუთხარი - გაეცინათ - ახლა ყველაფერი გასაგებიაო...:)


საბრძოლო ნათლობა მძიმე იყო, - ჩემს უკან სოხუმის ახალი რაიონის სამ 16-სართულიან კორპუსს გამალებით ესროდა მტერი, ღამის 3 საათამდე დაბომბვა არ შეუწყვეტიათ, სანგრებიდან ჩვენ არ ვწყვეტდით სროლას - შენ პოზიციური ბრძოლები უძახე და ჩემს ცხვირწინ, ხის ყუთს რომ ზედიზედ 12 ტყვია მოხვდა, მაშინღა მივხვდი - თავი ცოტა ქვევით უნდა დამეწია.


ჩვენი აკოფი ტალახით იყო სავსე, აკოფში მე და ძია შაქრო ვიყავით, დილის 5-ზე სროლები რომ მინელდა, მერეღა მითხრა, - ნახე რამდენი გისვრიაო... ჩემს ცარიელ „რაჟოკებს" გადავხედე და შემრცხვა - ბევრი ტყვია-წამალი დამიხარჯავს...


მინელებულმა სროლამ, დილის 5 საათზე დამამშვიდა და ფეხზე წამოვდექი სანგრიდან და ბიჭებისკენ გადავდგი ნაბიჯი, არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი წუილის ხმა, თითქოს რაღაც საშინელი მოფრინავდა ჩვენკენ - მახსოვს, შაქრო ძიამ ხელი მკრა, მიწაზე დამაგდო, ზედ გადამეფარა და გუმისთის მეორე მხრიდან გამოსროლილი რაკეტის ნამსხვრევებისგან მიხსნა, საბედნიეროდ, თვითონაც გადარჩა (იმ რაკეტის დარჩენილი ნაწილი, მერე სახსოვრად თან წამოვიღე).


ბიჭებს შეუმჩნევიათ, საიდანაც გვესროლეს და მე მითხრეს - აჰა, შენ „გრანატამიოტი" და თუ გინდა ესროლეო! - რას ჰქვია მინდა-თქო, ისედაც გაბრაზებული და ნერვებმოშლილი ვიყავი, მთელი ღამის ბრძოლებიდან გამოყოლილი ბოღმა მახრჩობდა (10-ამდე რაკეტა მოარტყეს იმ 16-სართულიანებს), საითაც მიმითითეს, იმ სახლს ვესროლე, მეორე სართულს მოხვდა და კედელი გადაინგრა, მიუხედავად იმისა, რომ თავი კინაღამ გამისკდა, იმხელა ხმა ჰქონდა სროლისას იარაღს, მაინც შევამჩნიე, მიზანს მიღწეულ „გრანატამიოტს" იმ სახლის პირველი სართულიდან, მტრის 5-კაციანი ჯგუფი როგორ მოშორდა, სროლა-სროლით. ბიჭებმა თქვეს - კრაზანების ბუდე გასკდაო და მიუშვეს.


მერე ყველაფერი მიწყნარდა, თურმე იმ სახლიდან ბომბავდნენ მთელი ღამე სოხუმის ახალი რაიონის 16-იანებს, სროლის შეწყვეტის შემდეგ თავს წათვლემის უფლებაც მივეცი, იქვე ტალახიან აკოფში, ბუშლატაზე წამოვწექი, ბალიშად „კასკა" ამოვიდე, ცხელი ავტომატი გულში ჩავიხუტე და... დავიძინე".


Description: image

 

 

Description: image


რუსთავის ბატალიონი, აფხაზეთის ომი 1993 წელი, ბესო ჩუბინიძე

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი