logo_geo
მონად გაყიდული ქართველი გოგონასა და ფრანგი გენერლის სიყვარულის ამბავი
- +

3 მაისი. 2017. 13:59



ნაპოლეონის ეპოქის ფრანგული სამართლის ისტორიაში ერთი საინტერესო სასამართლო საქმეა, რომელიც 1795 წელს თბილისიდან გატაცებული გოგონას, მარიამის (ფრანგულ საბუთებში - მარი) ბედს შეეხება.


 

მარიამი დაიბადა თბილისში, ექიმის ოჯახში. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ (რომლის თვითმხილველი იყო), სხვა უამრავი ქართველის მსგავსად, მოიტაცეს და მონობაში გაყიდეს. საბოლოოდ, ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც ერთ-ერთი მამლუქი ბეის ქართველმა (თბილისელმა) ცოლმა იყიდა. 1798 წელს ფრანგებმა ეგვიპტე დაიკავეს და მარიამი, რომელსაც უკვე არაბული სახელი ნაფისა ერქვა, შეხვდა ფრანგ გენერალს, ფრანსუა დე ფალტრიეს, რომელმაც გოგონა (იმ დროისთვის 20 წლის იყო) გამოისყიდა და ცოლად შეირთო. ქორწინება ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შედგა. 1801 წელს ახალდაქორწინებულები საფრანგეთში დაბრუნდნენ (საფრანგეთი და ბრიტანეთი დაზავდნენ) და ფალტრიეს ოჯახმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა შვილის დაბრუნება. ახალ რძალსაც კარგად შეხვდნენ, თუმცა ეს ყველაფერი მოჩვენებითი აღმოჩნდა.


 

1805 წელს, მესამე კოალიციის ომის დროს, გენერალი გარდაიცვალა. ქმრის გარდაცვალება დიდი ტრაგედია იყო მარიამისათვის, მაგრამ ეს მხოლოდ დიდი დავიდარაბის დასაწყისი იყო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარის დარჩა მთელი მისი ქონება (სახლი ქალაქ მეცში და სახლთან მდებარე საკმაოდ დიდი მამული, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო პენსიაზე). ბუნებრივია, ფალტრიეს ოჯახისათვის ეს დიდი ტრაგედია იყო - ახლად ჩამოსულმა გადამთიელმა ამხელა ქონება როგორ წაგვღლიტაო! გენერლის გარდაცვალებისთანავე, ოჯახმა მარი სახლიდან გააძევა და უსახლკაროდ დატოვა. ოჯახის თქმით, გენერლისა და მარის ქორწინება არ იყო კანონიერი, ვინაიდან ეგვიპტეში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში შესრულდა. იმჟამად მიღებულ ნაპოლეონის კოდექსში კი ეს არ იყო გათვალისწინებული.


 

 

მომდევნო რვა წლის განმავლობაში მარის საქმემ ფრანგული სასამართლო სისტემის ყველა საფეხური გაიარა. სასამართლო პროცესი მეტად საინტერესო გამოდგა, ვინაიდან ორივე მხარემ გამოსცა „მემუარები", რომლებშიც არაერთი საინტერესო დეტალია. სასამართლო სხდომის დროს ოჯახის ადვოკატმა ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელიც ნიშანდობლივია იმით, თუ რა წარმოდგენა ჰქონდა რიგით ფრანგს საქართველოს შესახებ. ბევრი მათგანისათვის საქართველო ასოცირდებოდა აღმოსავლეთში უხვად მიმოფანტულ ქართველ მონებთან, რომელთა შორის, ბუნებრივია, ბევრი ჰარემში მოხვედრილი ქალი იყო და მათი სილამაზე სახელგანთქმული იყო. სწორედ ამიტომ, სასამართლოს დროს ოჯახის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მარი „წარმოშობით არის საქართველოდან, იმ ქვეყნიდან, რომლის სახელიც კი ჩვენს წარმოდგენაში ყველაზე მაცდურ სიამოვნებასთან ასოცირდება". ახლა შევხედოთ ამ ქალსო - „უგვანი, მახინჯი და ნაკლიანი... [ჭეშმარიტი] მონა, რომელიც არც გარეგნულად ლამაზია, არც სულიერად ამაღლებული და არც სხვა რაიმე კეთილშობილება ახასიათებს..." გენერალ ფალტრიეს მსგავსი კაცი ამ ქალს, აბა, როგორ შეიყვარებდა, ცოლად მოყვანაზე ხომ ლაპარაკიც არ არისო.


 

გენერალი ფრანსუა დე ფალტრიე

საბოლოოდ, 1814 წელს, საფრანგეთის უმაღლესმა (საკასაციო) სასამართლომ მარის დაუჭირა მხარი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხო ქვეყნებში, უცხო ადათებისა თუ კანონმდებლობის მიხედვით შემდგარ ქორწინებებს ისეთივე სამართლებრივი ძალა აქვთ, როგორც საფრანგეთში დარეგისტრირებულ ქორწინებებს. გენერალ ფალტრიეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ მომდევნო ასი წლის განმავლობაში საფრანგეთისა და ბელგიის გამოცემულ თითქმის ყველა იურისპრუდენციულ ნაშრომშია აღნიშნული.


ამ საქმის მოგებით მარიმ მოიპოვა გენერლის ქვრივის სტატუსი, რის შედეგად გადაეცა გენერლის ქონება და დაენიშნა ქმრის სამხედრო პენსია. მან კიდევ 31 წელი იცხოვრა. 1815 წელს ხელმეორედ დაქორწინდა ვინმე ეტიენ ნუარეზე. გარდაიცვალა ქალაქ მეცში 1845 წლის 26 იანვარს.


 

ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე



წყარო: bu.com.ge



 

big_banner
არქივი