logo_geo
როცა ტუტანხამონის სამარხი გახსნეს…
- +

6 ნოემბერი. 2021. 02:58

 

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში ბრიტანელი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი ჰოვარდ კარტერი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, მიეკვლია ფარაონთა სამარხებისთვის ეგვიპტის უძველეს ქალაქ თებეში. 1902 წლიდან ახალგაზრდა კარტერი ატარებდა გათხრებს „მეფეთა კარიბჭის ველზე“. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას სახელმწიფომ გათხრებზე ნებართვა სწორედ ჰოვარდ კარტერს მისცა. აქედან იწყება ეგვიპტეში ყველაზე ცნობილ არქეოლოგიურ აღმოჩენათა ისტორია. კარტერის მიერ 1922 წელს XVIII დინასტიის ფარაონის, ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენა არქეოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია.

 

კარტერი ეგვიპტეში პირველად 1891 წელს ჩავიდა. მაშინ ის დარწმუნდა, რომ სულ მცირე, ერთი აღმოუჩენელი სამარხი მაინც იყო, რომელიც ეკუთვნოდა ფარაონს, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდობისას გარდაიცვალა.

 

მდიდარი ბრიტანელი ლორდის, კარნარვონის მხარდაჭერით, კარტერი 5 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა სამარხს. 1922 წლის დასაწყისში კარნარვონს ძებნის შეწყვეტა სურდა, თუმცა არქეოლოგმა დაარწმუნა, ძებნა კიდევ 1 წლით გაეგრძელებინათ.

 

საბოლოოდ, მოლოდინი გამართლდა, როდესაც კარტერმა 12-დან პირველ საფეხურს მიაგნო, რომელსაც გზა ტუტანხამონის საფლავამდე მიჰყავდა. მან სწრაფად აღადგინა საფეხურები და კარნარვონს წერილი გაუგზავნა, რომ ჩამოსულიყო და ერთად გაეხსნათ სამარხი.

 

რა თქმა უნდა, ლორდი მაშინვე გაემზავრა ეგვიპტეში. სამარხი გახსნეს…

 

კარტერი იხსენებდა: „თავიდან ვერაფერს ვხედავდით. სამარხიდან ამომავალი ცხელი ჰაერი სანთლის ალს ათამაშებდა, მაგრამ როცა თვალები განათებას მივაჩვიე, ოთახის დეტალები ნელ-ნელა გამოიკვეთა: უცნაური ცხოველები, ქანდაკებები და ოქრო, ყველგან ბრჭყვიალა ოქრო.“

 

26 ნოემბერს ისინი სამარხის შიდა პალატაში შევიდნენ. აღფრთოვანებულნი იყვნენ იმით, რომ ის, პრაქტიკულად, ხელუხლებელი იყო. ხელუხლებელი 3 ათასი წლის შემდეგაც. ხელუხლებელი იყო საგანძურიც.

 

მათ დაიწყეს საფლავის 4 ოთახის შესწავლა და 1923 წლის 16 თებერვალს კარტერმა გააღო კარი ბოლო პალატისკენ.

 

შიგნით სარკოფაგი ესვენა, რომელშიც 3 კუბო ელაგა. ბოლო კუბოში, რომელიც მყარი ოქროსგან იყო დამზადებული, ტუტანხამონის მუმიფიცირებული სხეული აღმოჩნდა.

 

სამარხში აღმოჩენილ სიმდიდრეებს შორის იყო – ოქროს წმინდა ნივთები, სამკაულები, ქანდაკებები, ეტლი, იარაღი, ტანსაცმელი და ა.შ. ყველაზე დიდი ძვირფასეულობა მაინც იდეალურად შემონახული მუმია გახლდათ.

 

 

 

 

ვინ იყო ტუტანხამონი?

 

ტუტანხამონი (ამონის ცოცხალი ხატება) თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) (ძვ. წ. 1355 — ძვ. წ. 1337) — ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი ტუტანხატონი ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის.

 

ტუტანხამონის მამა იყო ცნობილი ფარაონი „მწვალებლად“ წოდებული ეხნატონი, მაგრამ მთავარი ამბავი ტუტანხამონის დედის ვინაობასთან არის დაკავშირებული. ის არის არა ეხნატონის მთავარი ცოლი, ნეფერტიტი, არამედ ე.წ. „ახალგაზრდა ქალბატონი“, რომლის სახელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ტუტანხამონის მამის, ეხნატონის და იყო. ანუ ტუტანხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც უცხო არ ყოფილა ძველი ეგვიპტელებისთვის. სამარხ KV 35-ში ნაპოვნი უფროსი ასაკის ქალის ნეშტი კი საბოლოოდ შეიძლება მიეკუთვნოს ტუტანხამონის ბებიას, დედოფალ ტიიას.

 

ტუტანხამონი დაახლოებით 3 300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და 18 წლისა გარდაიცვალა. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი ეხნატონი იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და მონოთეიზმის დამკვიდრება სცადა.

 

გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა გამოკვლევამ ასევე ცხადყო ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზები. ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალური მდივანის, ზაჰი ჰავასის თქმით, ტუტანხამონი, როგორც ჩანს, მალარიის მძიმე ფორმით იყო ავად, მანამდე კი, მისი სხეული ძვლების დაავადებით იყო დასუსტებული. ავადმყოფი და დაძაბუნებული ტუტანხამონი ჯოხით დადიოდა.

 

 

 

big_banner
არქივი