logo_geo
მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ
- +

21 აპრილი. 2018. 21:12

 

მცხეთაში, ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სამეუფეო წირვა აღევლინება, რომლის შემდეგ სამი ჯვრით ლიტანიობა დაიწყება.

 

სვეტიცხოვლიდან მრევლი ანტიოქიის მონასტრის გავლით მდინარე არაგვზე ნავებით გადავა და მცხეთის ჯვრის მთის ძირში, გეთსამანიის ბაღში არსებულ „ქართლის ცხოვრების“ ქვა–სვეტთან შეიკრიბება. აქედან ჯვრებს სამი მიმართულებით გადააბრძანებენ და აღმართავენ მცხეთის ჯვარზე („ყოველთა ქართველთა გოლგოთაზე“), თხოთის მთაზე (წმ. მეფე მირიანის მოქცევის ადგილზე) და უჯარმაში (ძველ სამეფო ქალაქში).

 

დღესასწაულს საფუძვლად „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი ისტორია დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა. საეკლესიო გადმოცემით, ხარება დღეს წმინდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან, მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. ამის შემდეგ უფალმა ზეცაში უჩვენა გზები, თუ სად უნდა გადაბრძანებულიყო ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე - თხოთის მთაზე და მესამე - უჯარმაში.

 

ჯვრების აღმართვას ქართლში კერპების მსხვრევა და მოსახლეობის გაქრისტიანება მოჰყვა. წმინდა მეფე მირიანმა ჯვართაღმართების დღესასწაულის აღნიშვნა აღდგომის მესამე კვირას დააწესა. ეს უძველესი დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2007 წელს აღადგინა.

 

ამასთან, მცხეთის ჯვრის მონასტერში, თხოთის მთასა და უჯარმაში გასულ წელს აღმართული ჯვრების საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანება მოხდება. კერძოდ, მცხეთის ჯვრიდან ჯვარს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში წააბრძანებენ; თხოთის მთიდან – რუისისა და ურბნისის ეპარქიაში; უჯარმიდან – აგარაკ-წალკის ეპარქიაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი