logo_geo
ილია მეორე: თითოეული ჩვენგანის გული ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა
- +

16 აპრილი. 2017. 00:45



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირაქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში ნათლობის მნიშნველობაზე საუბრობს.

 

„ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ,... ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა... ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები" (რომ; 6, 3, 4, 6). ასე რომ, წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს. ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება, ძლიერდება სიყვარული შემოდის სიმშვიდე, უცხო ხდება რისხვა, მძვინვარება, შური, თვალთმაქცობა, ყოველგვარი ბოროტება და უწმინდურება.

 

თუმცა ასეთი მდგომარეობა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ხელმეორედ შობის (ნათლობის) შემდეგ ადამიანი, თავისი სუსტი ნებისყოფის გამო, ხშირად ეშმაკის მახეში კვლავ ებმევა და იწყება საკუთარ თავთან, ჩვენს მანკიერებებთან ჭიდილის პროცესი, რომელიც გარდაცვალებამდე გრძელდება. გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები: „გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს, არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არც მსურს. ჩემს ასოებში (სხეულის ნაწილებში) მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!" (მთ.8, 19-24). ჩვენ რაღა გვეთქმის? თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა; ამასთან, უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.

 

სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთნი კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან. ეშმაკის საცდურთაგან თავდახსნას კეთილნი და თავმდაბალნი შეძლებენ, - წერენ წმინდა მამები. წმ. ანტონი დიდი კი ბრძანებს: ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა. შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს (წმ. იოანე ოქროპირი)", - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში. 


 

big_banner
არქივი