logo_geo
ალექსეი დანილოვი: ბელგოროდში ნამდვილად განიცადა კატასტროფა თვითმფრინავმა, იყვნენ თუ არა იქ ჩვენი ტყვეები? ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ - არა
- +

9 თებერვალი. 2024. 15:07

 

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია დადასტურება, რომ ბელგოროდში რუსული „ილ-76“ უკრაინამ ჩამოაგდო, თუმცა ამბობს, რომ თვითმფრინავის ბორტზე უკრაინელი ტყვეები არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ დანილოვმა უკრაინულ ინტერნეტ-არხთან „ბაბელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„რუსეთში ნამდვილად კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა. იყვნენ თუ არა იქ ჩვენი ტყვეები? ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ – არა, იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც გვქონდა თეირანის შემდეგ (უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება ირანში) და შემდგომი მოვლენების საფუძველზე. ეს რომ მომხდარიყო, დამიჯერეთ, ისინი აუცილებლად ისარგებლებდნენ ბიოლოგიური მასალით, დაღუპულთა რაოდენობით, აუცილებლად გამოიყენებდნენ ამას, აუცილებლად გადაიღებდნენ და ის მინდორი იქნებოდა სისხლისგან წითელი“, – განაცხადა დანილოვმა.

 

დანილოვის თქმით, ეს არის რუსეთის მიერ წინასწარ მომზადებული ისტორია საერთაშორისო არენაზე უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით.

 

„უბრალოდ, უნდა დაველოდოთ. ეს რომ მომხდარიყო, დამიჯერეთ, ლავროვი გაეროში ისე იყვირებდა და ისინი ამ ყველაფერს აჩვენებდნენ. მათ არაფერი აქვთ საჩვენებელი, რადგან ეს რომ მართლა მომხდარიყო, სულ სხვა სურათი იქნებოდა“, – აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

 

შეკითხვას – არიან თუ არა ცოცხლები ის ტყვეები, რომელთა გაცვლასაც უკრაინა გეგმავდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის დღეს, დანილოვმა უპასუხა, რომ ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.

 

„ეს ძალიან რთული და სენსიტიური კითხვაა. ჩვენ ახლა არ გვაქვს რამე პასუხი. შემიძლია მხოლოდ დიდი ალბათობით ვთქვა, რომ ისინი იქ არ ყოფილან“, – განაცხადა დანილოვმა.

 

რუსეთის ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის ტიპის რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი 24 იანვარს ჩამოვარდა. რუსეთის ხელისუფლებამ თვითმფრინავის ჩამოგდებაში უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. მოგვიანებით, უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ კატასტროფის დღეს ტყვეების გაცვლა მართლაც იყო დაგეგმილი და ის არ შედგა.

 

 

big_banner
არქივი