logo_geo
CNN-ის ეთერში მადონამ დონალდ ტრამპი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
- +

22 იანვარი. 2017. 11:58



CNN-ის ინფორმაციით, მომღერალმა მადონამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, „ქალების მარშზე" უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. მომღერლის თქმით, „ქალების მარში" რევოლუციის დასაწყისია.


„საჭირო გახდა ეს საშინელი სიბნელე, რომ გამოვეფხიზლებინეთ. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - განაცხადა მადონამ და ტრამპის მისამართით სალანძღავი სიტყვები თქვა.


ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ვაშინგტონში „ქალების მარშზე", რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პირველ დღეს აგორებული საერთაშორისო საპროტესტო ტალღის კულმინაციად იქცა.


საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა მოსალოდნელი 200 ათასიდან 500 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორები აცხადებენ.


აქციების ორგანიზატორებს, რომელთა შორის არიან მემარცხენე პარტიები, ფემინისტები და მწვანეები, მსოფლიოს ყურადღების ფოკუსირება სურთ ქალთა უფლებებზე, რაც, მათი აზრით, საფრთხის ქვეშაა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ.


აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ რასობრივ თანასწორობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და აბორტის უფლებას.


 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი