logo_geo
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის შეთანხმებას დღეს კენჭს უყრის
- +

15 იანვარი. 2019. 11:45

 

 

დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეის მთავრობის მიერ ბრიუსელთან ბრექსიტზე შეთანხმებას კენჭს უყრის.

 

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ისინი ნაკლებად ვარაუდობენ, რომ შეთანხმება, რომლის მისაღწევად ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებები თითქმის ორი წლის განმავლობაში  მიმდინარეობდა, პარლამენტის წევრთა საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს.

 

ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული იუნიონისტური პარტია დოკუმენტისთვის ხმის მიცემაზე კვლავ უარს აცხადებს.

 

დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი საგანგებო სიტყვით გამოვიდა. მან დეპუტატებს შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ, შედეგი კატასტროფული ზიანის მომტანი აღმოჩნდება. ტერეზა მეიმ ასევე გამორიცხა ბრექსიტის ვადის გადაწევა.

 

მისი თქმით, მთავრობის გეგმას კვლავ ევროკავშირიდან 29 მარტს გასვლა წარმოადგენს.

 

ამასთან, მან კანონმდებლები გააფრთხილა იმ საფრთხის შესახებ, რაც შესაძლოა, ევროკავშირიდან არარეგულირებად გასვლას მოჰყვეს. მისი თქმით, შეთანხმების გარეშე ბრექსიტი გააძლიერებს შოტლანდიის დამოუკიდებლობისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიასთან გაერთიანების მომხრეთა პოზიციებს, ამგვარი სცენარი კი ქვეყნისთვის ერთიანობისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს.

 

მეიმ მოუწოდა დეპუტატებს, მისცენ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას მეორე შანსი.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მხოლოდ პარლამენტის მხარდაჭერითაა შესაძლებელი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის ქაოსური გასვლის თავიდან აცილება.

 

„მივმართავ თემთა პალატის წევრებს ყველა მხარეს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიგეღოთ აქამდე, უახლოესი 24 საათის განმავლობაში მიეცით ამ შეთანხმებას მეორე შანსი. არა, ის არ არის სრულყოფილი და დიახ, ეს არის კომპრომისი. თუმცა, როდესაც დაიწერება ისტორიის წიგნები, ხალხი გადახედავს ამ პალატის გადაწყვეტილებას და იკითხავს, შევასრულეთ თუ არა ჩვენ ქვეყნის გადაწყვეტილება, დატოვოს ევროკავშირი? დავიცავით თუ არა ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ერთიანობა? თუ ჩვენ ვუღალატეთ ბრიტანელებს?“, – განაცხადა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

ბრექსიტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით კენჭისყრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა არასათანადო მხარდაჭერის გამო გადაიდო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი