logo_geo
ნაზარბაევის შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა
- +

13 თებერვალი. 2020. 14:11

 

 

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად, სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

 

როგორც აისულთან ნაზარბაევი აცხადებს, მას რუსეთისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის მასშტაბური კორუფციული გარიგებების შესახებ აქვს ინფორმაცია, რის გამოც, ოჯახისგან ზეწოლას განიცდის.

 

საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც ყაზახ ხალხს მოპარეს. მე აღმოვჩნდი ჩემი ოჯახის, განსაკუთრებით, დედაჩემის, დარიგა ნაზარბაევის და ისი ქმრის, ყაირათ შარიპბაევის გაუმაღრობის ცენტრში. მაქვს ინფორმაცია მასშტაბური კორუფციის შესახებ და ამის გამო, ოჯახისგან ძლიერ ზეწოლას განვიცდი. ამიტომ, იძულებული გავხდი, მიმეღო გადაწყვეტილება და თავშესაფარი დიდი ბრიტანეთისთვის მეთხოვა. ჩვენ დავუმტკიცებთ ხელისუფლების სათავეში მყოფებს, რომ ისინი ღმერთები არ არიან. მათ შეუძლიათ, გვდევნონ, დაგვაპატიმრონ, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ“, - წერს ნაზარბაევი.

 

Facebook-პოსტში აისულთანი იმ კორუფციულ სქემასაც აღწერს, რომელშიც ყაზახეთისა და რუსეთის მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი. სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად ის რუსულ „გაზპრომს“ ასახელებს.

 

29 წლის აისულთან ნაზარბაევი ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის, დარიგა ნაზარბაევის და რახათ ალიევის ვაჟია, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით ავსტრიის ციხეში დაასრულა.

 

2019 წლის ივლისში აისულთანი ლონდონში სასტუმროს აივნიდან გადახტომას აპირებდა, მაგრამ პოლიციამ შეძლო მისი გადარწმუნება. მოგვიანებით კი, ყაზახეთის პრეზიდენტის შვილიშვილმა ბინაში დებოში მოაწყო და მეზობლები იძულებულნი გახდნენ, პოლიცია გამოეძახათ. გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა აისულთანმა ხელზე უკბინა. ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის 29 წლის შვილიშვილს 1 წლით პირობითი სასჯელი და 1 ათასი გირვანქა სტერლინგი ჯარიმა მიუსაჯეს, ასევე, ნარკოდამოკიდებულებისგან იძულებითი მკურნალობა, დაუნიშნეს. 

 

 

big_banner
არქივი