logo_geo
სიყვარული და კორონავირუსი
- +

16 თებერვალი. 2020. 14:25

 

 

ჩინურ სოციალურ ქსელში „Weibo“ გავრცელებულმა ამ ფოტომ 2 დღეში 20 ათასი გაზიარება და ათიათასობით მოწონება დაიმსახურა.

 

ფოტოს გმირები ქალაქ სუიჩჟოუში მცხოვრები წყვილია. ვან შუვენი მედდაა ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის საკარანტინო განყოფილებაა. რაც განყოფილებაში პირველი პაციენტები შევიდნენ, შუვენს, ისევე როგორც დანარჩენ მედპერსონალს, კლინიკა არ დაუტოვებია.

 

შუვენი 47 წლისაა და 10 დღეზე მეტია, სახლში არ ყოფილა. მისი 48 წლის ქმარი ვან შენკუნი კი პოლიციელია და ისიც დღედაღამ მუშაობს წესრიგის დასაცავად კარანტინში მოქცეული ქალაქის ქუჩებში.

 

„ჩემი საყვარელი ადამიანი უკვე 10 დღეა არ მინახავს და ძალიან მენატრება. მე მხოლოდ მისი ნახვა მინდოდა, რათა დავმშვიდებულიყავი“, განაცხადა ვან შენკუნმა, რომელიც დილით ადრე მივიდა საკარანტინო განყოფილებასთან, რომ რამდენიმე წუთით მაინც ენახა ცოლი.

 

ფოტო იმდენად რეზონანსული გახდა, რომ Guancha.cn-ის ჟურნალისტებმა მასზე აღბეჭდილი წყვილის ძებნა დაიწყეს. პოლიციაში დაადასტურეს, რომ ვან შენკუნი სუიჩჟოუს საგზაო პოლიციაში მუშაობს. ცოლ-ქმარს 17 წლის შვილი ჰყავს, რომელიც პოლიციის აკადემიაში სწავლობს. კარანტინის გამოცხადებისთანავე ახალგაზრდამ ითხოვა, რომ მამასთან ერთად გაეშვათ ქუჩებში საპატრულოდ. აკადემიამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და ახლა მამა-შვილი ერთად მორიგეობენ.

 

ფოტოს ავტორი კი ვან შენკუნის კოლეგა აღმოჩნდა, რომელიც მასთან ერთად იყო მისული კლინიკაში.

 

„იმედია, მასმედია გაავრცელებს ამ ფოტოს, რომელიც ყველას გაამხნევებს და პოზიტივს შესძენს“. - აღნიშნა ფოტოს ავტორმა.

 

 

big_banner
არქივი