logo_geo
საერთაშორისო დონორები ლიბანს 250 მილიონ ევროს გამოუყოფენ
- +

10 აგვისტო. 2020. 01:30

 

 

საერთაშორისო დონორებმა ბეირუთში აფეთქების შემდეგ ლიბანისთვის 252,7 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასეთ გადაწყვეტილებამდე დონორები საფრანგეთის მიერ ქვეყნის დასახმარებლად ორგანიზებულ ონლაინ-სამიტზე მივიდნენ. ამავდროულად დონორები ლიბანის მთავრობისგან ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვენ.

 

პარალელურად, ბეირუთში უკვე მეორე დღეა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. დემონსტრანტები აფეთქებაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

 

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 158 ადამიანი. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები ხუთი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

 

ცოტა ხნის წინ ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა.

 

6 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს ვიზიტით ეწვია და დემონსტრანტებს ამ სიტყვებით მიმართა: „მე აქ ვარ და ჩემი ვალდებულებაა დაგეხმაროთ მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფაში. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს დახმარება კორუმპირებულ ხელებში არ აღმოჩნდება“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი