logo_geo
თეა წულუკიანი თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩისა და სკვერის გახსნას დაესწრო
- +

3 ნოემბერი. 2023. 18:14

 

 

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიდი ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის, სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა.

 

გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე, ქალბატონი ლალი სეთურიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ნინო წილოსანი, რიმა ბერაძე, დავით მათიკაშვილი, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, მისი კოლეგები, ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.

 

ცერემონიაზე ქართული მრავალხმიანობის ნიმუშები შეასრულეს ანზორ ერქომაიშვილის აღზრდილებმა - ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლებმა და ანსამბლმა „მართვემ“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი და ლოტბარი ვალერი ქუტიძეც ასევე ანზორ ერქომაიშვილის მოწაფეები არიან. ღონისძიების სტუმრებისთვის ქართული ხალხური ცეკვები „რუსთავის” მოცეკვავეებმა შეასრულეს.

 

ცერემონიალი ქართული ცეკვისა და მუსიკალური ნომრებით ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებულმა ანსამბლებმა - „რუსთავმა“ და „მართვემ“ გააფორმეს.

 

ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე ფასდაუდებელია. „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელმა ნიჭიერ მომღერალთა არაერთი თაობა აღზარდა; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოიძია, შეისწავლა, აღადგინა და გამოსცა უძველესი ფონოჩანაწერები - 1907 წლიდან 1930 წლამდე ჩაწერილი 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ცნობილ მომღერლებთან ერთად ჩაწერა მუსიკალური ფოლკლორის 100-ზე მეტი ნიმუში; მანვე აღმოაჩინა ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერთა დედნები, რომელთა მეშვეობით მოხერხდა მომღერლის ხმის სრულყოფილად აღდგენა; მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი; თავად შექმნა არაერთი სიმღერა, რომელთა შორისაა ყველასათვის საყვარელი „თუ ასე ტურფა იყავი“, „ხოხბის ყელივით ლამაზი“ და სხვ. მისი ინიციატივითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი; რაც მთავარია, მისი ძალისხმევით ქართული მრავალხმიანობა ,,მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის შედევრად“ აღიარეს. ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა უნიკალური ნაშრომი - „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“.

 

და მაინც, ეს ყველაფერი ვერ აღნუსხავს იმ დიდ ღვაწლს, ანზორ ერქომაიშვილმა ქართული სიმღერის გადარჩენაში, ეროვნული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში რომ შეიტანა. სამშობლომაც დააფასა ანზორ ერქომაიშვილის გამორჩეული ღვაწლი:

 

2021 წლის 8 აპრილს, ანზორ ერქომაიშვილის აღზრდილების ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. ცენტრი აგრძელებს ანზორ ერქომაიშვილის დაწყებული პროექტების განხორციელებას. მათ შორის არის სალოტბარო სკოლები. საქართველოს რეგიონებში 30-ზე მეტი სალოტბარო სკოლაა, სადაც ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ტრადიციული გალობის შესწავლა ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ შეუძლია.

 

დღეს კი, 2023 წლის 2 ნოემბერს, თბილისში მისი სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა. ადგილი სიმბოლურადაც შეიძლება მივიჩნიოთ: დავით აღმაშენებლის გამზირსა და დიმიტრი უზნაძის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს.

 

საქართველოს გამაერთიანებელი წმინდა მეფე, მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერი და ქართველთა უძვირფასესი ეროვნული საუნჯის - სიმღერის გადამრჩენელი. სამებაც შეიკრა.

 

ლინკი: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid02L8vy8KhV6MM32bRRbUKKDP42F696BfLkri8KUkN4yVtLVnG4HCJUPwXtVEUrniwvl

 

 

big_banner
არქივი