logo_geo
თეა წულუკიანი საფრანგეთში ორსეს მუზეუმის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

15 ნოემბერი. 2023. 09:45

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში ორსეს მუზეუმის პრეზიდენტ კრისტოს ლერიბოსა და პრეზიდენტის მრჩეველს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, ნიკოლა გოსრანს შეხვდა.

 

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ორსეს მუზეუმში გაიმართა, მხარეებმა ისაუბრეს სამუზეუმო სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისა და სამომავლო პროექტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუზეუმო სფეროში განათლებასა და პროფესიულ მომზადებას.

 

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო დაინტერესებულია და აქვს სურვილი, საფრანგეთში საქართველოდან წარგზავნილი ახალგაზრდა ექსპოზიციონერების მომზადება ან/და გადამზადება მოხდეს.

 

ფრანგულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, საქართველოს გაუზიაროს სამუზეუმო დარგში დაგროვილი მდიდარი ევროპული გამოცდილება და მომავალი წლის დასაწყისიდანვე ორსეს მუზეუმში სტაჟირებაზე მიიღოს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეული კადრები.

 

საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ წამოჭრილ იქნა ინიციატივა საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმში ქართული ხელოვნების, ასევე, ქართველი მხატვრების გამოფენების მოწყობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ იდეად განიხილეს ნიკო ფიროსმანისა და ანრი რუსოს (დუანიე რუსო) ერთობლივი გამოფენის მოწყობა პარიზის ერთ-ერთ სახელმწიფო მუზეუმში.

 

ორივე მხარემ განაცხადა, რომ პარიზში დაწყებული ნაყოფიერი დისკუსია უნდა გაგრძელდეს და რომ ისინი მზად არიან წარმატებული თანამშრომლობისთვის.

 

 

big_banner
არქივი