logo_geo
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ანტვერპენში ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა
- +

4 დეკემბერი. 2023. 11:14

 

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ანტვერპენში, საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა. მაყურებელმა ნახა თამო ნასიძის, მეისი ვუდფორდისა და სმილა სნეკერის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „Mud mother“. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ წულუკიძე დაესწრო. მანამდე, 18 და 19 ოქტომბერს, სპექტაკლი ბრიუსელში გაიმართა.

 

სპექტაკლის მთავარი იდეა დედის ფენომენს უკავშირდება. თოჯინა, ცეკვა და მუსიკოს თამო ნასიძის ელექტრონული გახმოვანება საინტერესოდ ასახავს დედობის სხვადასხვა ასპექტს: მშობიარობას, ბავშვის კვებასა და მასზე ზრუნვას, დედის ურთიერთობას ახალ სხეულთან, რომელიც მისი სხეულიდან მოდის, ახალშობილის მიმართ პასუხისმგებლობის მძაფრ განცდას, მიჯაჭვულობას, ფიზიკურ გამძლეობას. წარმოდგენის ქორეოგრაფია მეისი ვუდფორდი, მხატვარი და თოჯინის ავტორი - სმილა სნეკერი. თამო ნასიძე პოლიფონიურ სიმღერას თანამედროვე ელექტრონულ მუსიკას უხამებს. პროექტზე მომუშავე ხელოვანები თბილისში მარიონეტების თეატრში გაეცნენ სამუშაო პროცესს და ლეო გაბრიაძისგან მიიღეს პროფესიული რჩევები.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).

 

„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საზოგადოებისთვის წარდგენისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

 

საქართველოს საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:

https://europalia.eu/.../euro.../europalia-georgia-programme;

 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en.

 

 

big_banner
არქივი