logo_geo
კულტურის სამინისტრო ვენეციის ხელოვნების ბიენალზე წარსადგენი პროექტის შესარჩევ კონკურსს აცხადებს
- +

8 დეკემბერი. 2023. 23:49

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე "- ვენეციის ბიენალეზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი უნდა ეხმაურებოდეს 2024 წლის თანამედროვე ხელოვნების მე-60 საერთაშორისო გამოფენის, ვენეციის ბიენალეს, მთავარ თემას - „უცხოელები ყველგან არიან“ და, ამავე დროს, უკავშირდებოდეს ქართულ შემოქმედებით და კულტურულ კონტექსტს.

 

 

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს (მარკეტინგის, სარეკლამო და ყველა სხვა ხარჯის ჩათვლით).

 

 

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს/პირთა ჯგუფს, განურჩევლად რეგისტრაციის ადგილისა და მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, კონკურსანტს (ხელოვანი, თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე ხელოვნებათმცოდნე, კურატორი, კურატორთა ჯგუფი) ჰქონდეს საერთაშორისო პროექტების განხორციელების ან/და მსგავს პროექტებში მონაწილეობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

 

 

პროექტი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე საერთაშორისო მხატვრულ პროცესს და, ამავე დროს, იყოს აქტუალური ქართული შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ტენდენციების, ასევე, ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით.

 

 

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 9 დეკემბრიდან 2024 წლის 1 იანვრის 18:00 საათამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ან ელექტრონული ფოსტით - info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით (PDF ან დასკანერებული PDF), ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.

 

 

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 8 იანვრისა.

 

 

ინფორმაციისთვის: ვენეციის მე-60 საერთაშორისო გამოფენა - ვენეციის ბიენალე 2024 წლის 20 აპრილს გაიხსნება და 2024 წლის 24 ნოემბერს დაიხურება. ბიენალეს კურატორია ადრიანო პედროზა, ხოლო საქართველოს ეროვნული პავილიონის კომისარი - მაგდა გურული.

 

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე-https://cutt.ly/dwAiBjp1“, - აცხადებენ სამინისტროში.

big_banner
არქივი