logo_geo
ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ცოტნე ზედგინიძისა და სანდრო გეგეჭკორის კონცერტი გაიმართა
- +

10 დეკემბერი. 2023. 14:29

 

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში, ჰააგის სამეფო კონსერვატორიის, „ამარეს“, ორგანიზებით, ახალ ეკლესიაში (nieuwe kerk) ახალგაზრდა თაობის გამორჩეული ქართველი მუსიკოსების - სანდრო გეგეჭკორისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია.

 

ახალგაზრდა ხელოვანებმა, რომლებმაც არაერთ წარმატებას მიაღწიეს და უკვე არიან აღიარებული განსაკუთრებულად ნიჭიერ მუსიკოსებად, ჰოლანდიელი მსმენელისთვის დასავლეთევროპელი და ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორებისა და საკუთარი საავტორო ნაწარმოებები შეასრულეს. ორივე მუსიკოსი მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ნიდერლანდების სამეფოში სანდრო გეგეჭკორს იცნობენ „პოდიუმ კლასიეკზე“ და 2022 წელს „კონცერტგებაუში“ შესრულებული ნაწარმოებებით, ცოტნე ზედგინიძისთვის კი ეს ამ ქვეყანაში პირველი კონცერტია. კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

ფესტივალის მიმდინარეობისას ცოტნე ზედგინიძის სოლო, საავტორო კონცერტი გაიმართება ბრიუსელშიც, ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“. კონცერტის შემდეგ ნორჩი მუსიკოსი ბელგიელ ახალგაზრდა კომპოზიტორებს, მუსიკოსებსა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებს შეხვდება და ისაუბრებს თავისი შემოქმედებისა და, ზოგადად, მუსიკის შესახებ.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

 

ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).

 

„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საზოგადოებისთვის გაცნობისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

 

საქართველოს საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en

 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/.../euro.../europalia-georgia-programme

 

 

big_banner
არქივი