logo_geo
ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ქ. გენტში ექვსი ქართველი პოეტი ქალის კრებულის „მე ბევრი ვარ“ პრეზენტაცია გაიმართა
- +

11 დეკემბერი. 2023. 18:55

 

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ქ. გენტში მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ექვსი ქართველი პოეტის ქალის ლექსების სამენოვანი (ქართული, ფრანგული, ნიდერლანდური) კრებულის - „მე ბევრი ვარ“ - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე გრიგალაშვილი, საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, პოეტები ელა გოჩიაშვილი, რუსუდან კაიშაური, ირმა შიოლაშვილი, გამომცემელი რუსუდან მოსიძე, მთარგმნელი ინგრიდ დეხრავე, „ევროპალიის“ წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

დამსწრე საზოგადოებას ქართველმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება გააცნეს და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს. მათთან ერთად საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა ნატალია მანდარიამ. ღონისძიებაზე ბელგიის თვითმოქმედმა ფოლკლორულმა გუნდმა „მეზობლებმა“ ქართული ფოლკლორის ნიმუშები, მათ შორის „მრავალჟამიერი“ შეასრულა.

 

წიგნში თავმოყრილია ცნობილი ქართველი პოეტების: ლია სტურუას („ტყეს, რომელიც მიყვარს“, „სეზანი“, „რამდენი უპასუხობა“, „ზღვაზე ვფიქრობ“, „გაყინული ქუჩა“, „ადამიანის ხმა“), რუსუდან კაიშაურის („მე ბევრი ვარ“, „ჩემი ცხოვრება“, „ქალი მაგიდა“, „გეოგრაფია“, „ჩემი ბებია“, „სახედრიდან მერნამდე“), ელა გოჩიაშვილის („გაჩერებაზე“, „წესრიგი“, „ნუგეში ლეღვის ხისადმი“), მაია სარიშვილის („ასეც შეიძლება მოხდეს“, უმჯობესია ისე მოკვდე“, „აღმოჩნდა, რომ ყველა სიტყვა“, „ნორმალურებო, სწორდით და სმენა“, „ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო“, „სასტიკი პასუხი“), ირმა შიოლაშვილის („კაბა“, „ოქტომბერი“, „ძველი სიყვარული“, „ცალი ფრთა“, „ჩემი ავღანელი გოგოები“), ლელა სამნიაშვილის („ქალი პოეტი“, „მთავარი ცვლილება“, „რა შეიძლება დაემართოს სიყვარულს“) ლექსები.

 

ლექსები ნიდერლანდურ ენაზე თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულად - ბაჩანა ჩაბრაძემ.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).

 

„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

 

საქართველოს საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:

https://europalia.eu/.../euro.../europalia-georgia-programme

 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en  

 

 

big_banner
არქივი