logo_geo
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ფოლკლორული ანსამბლი დაარსდა
- +

20 დეკემბერი. 2023. 12:44

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის, ჩანაფიქრი განხორციელდა და რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი პროცესის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ფოლკლორულ ანსამბლს ჩაეყარა საფუძველი.

 

ანსამბლი ძირითადად დაკომპლექტებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი საუკეთესო მომღერლებითა და სტუდენტებით; ასევე, გუნდის წევრები არიან მომღერლები ისეთი ცნობილი ანსამბლებიდან, როგორებიცაა „ბასიანი“, „რუსთავი“, „ერისიონი“ და „დიდგორი“. მომღერლებმა გუნდში მოსახვედრად სპეციალური შესარჩევი და მოსამზადებელი ეტაპები გაიარეს. ზემოხსენებულ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა გიორგი დონაძე - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი.

 

აღსანიშნავია, რომ ახალდაარსებულ ანსამბლს სხვადასხვა სტილისა და კუთხეების გათვალისწინებით რამდენიმე ლოტბარი ჰყავს; ქართლ-კახურ სიმღერებს ასწავლის გიორგი ხუნაშვილი, სვანურ სიმღერებსა და ფერხულებს - ლიკა ლიპარტელიანი, გურულ და მეგრულ სიმღერებს - სერგო ურუშაძე და გიორგი დონაძე. ამგვარად იქმნება გუნდის მრავალფეროვანი მხატვრული სახე და უნიკალურობა, რაც ანსამბლის წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

გუნდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის, იდეის საფუძველზე ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით შეიქმნა, როდესაც გამოცდილ და დამწყებ მომღერლებს ერთად წარადგენდნენ სცენაზე და ახალგაზრდები უშუალოდ შესრულებისას იღებდნენ გამოცდილებას ძველი მომღერლებისგან. ეროვნული ანსამბლის შექმნის მთავარი მიზანია საქართველოს ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელმა მომღერლებმა ერთნაირი წარმატებით შეასრულონ და წარმოაჩინონ როგორც თავიანთი კუთხის, ისე სხვა რეგიონების ფოლკლორი. კუთხეებში, რომლებიც ამ ეტაპზე არ არიან წარმოდგენილნი გუნდში, შერჩევის პროცესი გაგრძელდება და ანსამბლს კიდევ შეემატებიან ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები.

 

ახალი გუნდის მოსმენა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

 

მოსმენის შემდეგ განიხილეს ანსამბლის რეპერტუარი, სამომავლო საქმიანობა და კულტურის სამინისტროსგან, ფოლკლორის ცენტრისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის შესაძლებლობები.

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონის სალოტბარო სკოლების უამრავი კურსდამთავრებული თბილისში, გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტში, აგრძელებს სწავლას, რამაც გააჩინა სურვილი, რომ შექმნილიყო გუნდი, რომელშიც საქართველოს კუთხეების წარმომადგენლები 30 სკოლიდან გაერთიანდებოდნენ.

 

ანსამბლის დაარსება ხელს შეუწყობს მომღერლების მიერ საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორის სათანადოდ წარმოჩენასა და განვითარებას.

 

ლინკი: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid02SqXWgm4kSkY3VH1Ufp84YF69qhvDVhD8hADbDTebPwawk1frdUXaeSbi6r6vnC5Kl

 

 

big_banner
არქივი